ავსტრალია

ახალი მთავრობა ავსტრალიაში

7 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ლეიბორისტულმა მთავრობამ ექვსწლიანი მშფოთვარე პერიოდის შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნა დაასრულა. მის ნაცვლად მოსახლეობამ მანდატი კონსერვატორულ ლიბერალ-ნაციონალურ კოალიციას გადასცა. ახალ პრემიერ ტონი ებოტს მმართველობის დაწყება რეგიონში აშშ-ისა და ჩინეთის სტრატეგიული მეტოქეობის გაძლიერების ფონზე უწევს.

ავსტრალიის საარჩევნო კომისიის ცნობით, ლიბერალ-ნაციონალურმა კოალიციამ წარმომადგენელთა პალატაში 88 ადგილი მოიპოვა, ლეიბორისტებმა – მხოლოდ 57. წლევანდელ არჩევნებში უმთავრესი თემები იყო მოსალოდნელ ეკონომიკურ დაღმასვლასთან გამკლავება, ნახშირბადის ემისიების დაბეგვრის არსებობა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების გზების გამონახვა. ივნისში წარმატებული შიდაპარტიული გადატრიალების შემდეგ, ლეიბორისტებს პარტიის ლიდერად ხელახლა დაბრუნებული კევინ რადი ხელმძღვანელობდა. რადის საწყისმა პოპულარობამ მომხრეებში გააჩინა იმედი, რომ ის პარტიას მოსალოდნელ დამარცხებას აარიდებდა, თუმცა კამპანიის საბოლოო კვირას ნათელი გახდა, რომ რადის ძველი მიმზიდველობა ვეღარ ჭრიდა.

ლეიბორისტებმა უმთავრესად აწარმოეს ნეგატიური კამპანია, რომელიც ამომრჩევლის დაშინებაზე იყო დაფუძნებული – რომ ებოტი, დევიდ კამერონის მსგავსად, სოციალურ ხარჯებს შეკვეცდა. ტონი ებოტმა, ვინც მანამდე ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, მოახერხა სახელმწიფო მოღვაწის იმიჯის მორგება. მან უარი განაცხადა სოციალურ მომსახურებაზე ხარჯების ან მუშათა უფლებების მკაცრ შეზღუდვებზე და, სანაცვლოდ, აღნიშნა, რომ ავსტრალიას „საბიუჯეტო გადაუდებელი შემთხვევა" ელოდა.

ტონი ებოტის გამარჯვებაში რუპერტ მერდოკის მიერ კუთვნილმა მედიამ საკუთარი წვლილი შეიტანა. დიდი ქალაქების გამოცემებმა ხანგრძლივი კამპანია აწარმოეს კევინ რადის წინააღმდეგ. საბოლოოდ, რადის პრემიერად წარდგინებას მხარი დაუჭირა მხოლოდ მელბურნში გამომავალმა გაზეთმა The Age, რომელსაც მერდოკის კონკურენტი Fairfax Media ფლობს.

Image removed.

კევინ რადი ლეიბორისტებს 2007 წლის არჩევნებზე ტრიუმფის დროს უძღვებოდა. მმართველობის პერიოდში, გამოკითხვების მიხედვით, ის უკანასკნელი დეკადების მანძილზე ავსტრალიის ყველაზე პოპულარულ პრემიერმინისტრად რჩებოდა. ამის მიუხედავად, დავებმა ნახშირბადის ემისიების გაცვლით სქემაზე და სამთო მრეწველობის არაპოპულარულმა გადასახადმა, მის საპარლამენტო კოლეგებში ნდობის დაკარგვა გამოიწვია. 2010 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ რადი მისი მოადგილით, ჯულია გილარდით შეცვალა. პრემიერის ოფისის გარეთ, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, რადი გილარდზე პოპულარულ ფიგურად რჩებოდა. 2013 წლის ივნისში, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ და მხარდამჭერთა დაღმავალი სტატისტიკით, ლეიბორისტულმა პარტიამ უკანასკნელ იმედად რადი დააბრუნა.

მთლიანობაში, ლეიბორისტულ პარტიაში შიდა უთანხმოება ამომრჩევლის თვალში ძალზე უარყოფითად აისახა. მრავალი მიმომხილველი არჩევნების შედეგს ლეიბორისტების შიდა არეულობაზე ვერდიქტად განიხილავს. 1983-1991 წლებში ლეიბორისტი პრემიერმინისტრის ბობ ჰოუკის სიტყვებით, „ამ არჩევნებში უფრო მთავრობამ წააგო, ვიდრე ოპოზიციამ მოიგო".

ლეიბორისტების ბოლო მთავრობამ რამდენიმე რეფორმა განახორციელა, მათ შორის – ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა, დაზღვევა უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, სკოლების რეფორმა და ევროკავშირის შემდეგ, ყველაზე დიდი ეკოლოგიური გადასახადი. ეს ინიციატივა არაპოპულარული აღმოჩნდა იმ ამომრჩეველში, ვინც ენერგიის ფასების მოსალოდნელ მატებას უფრთხოდა.

ბუნებრივი რესურსების ბუმის წყალობით, ავსტრალიამ დასავლურ ქვეყნებს თავსდამტყდარი რეცესია ძირითადად თავიდან აირიდა. მეტიც, ქვეყანაში შეუწყვეტელი ზრდის 22-ე წელიწადია, თუმცა ჩინეთში რესურსების ექსპორტი ტემპს უკლებს, სასაქონლო ფასები დასუსტებულია და ბუმით გამოწვეული ინვესტიციები (ქვანახშირისა და რკინის მადნების დამუშავება, მილსადენების გაყვანა, ტერმინალების აშენება) ნელდება. შესაბამისად, ტონი ებოტს არცთუ სასურველი მემკვიდრეობა ხვდება.

ებოტს, რომელიც როდსის სტიპენდიატი იყო და ერთხანს მღვდლობა სურდა, ოპონენტები პოლარიზებად ფიგურად წარმოაჩენდნენ. გასულ წელს, მსოფლიო მედიის ჰედლაინები დაიპყრო ჯულია გილარდმა, როდესაც მგზნებარე სიტყვაში ებოტს ქალთმოძულე და სექსისტი უწოდა „საზიზღარი ორმაგი სტანდარტებით". ლიბერალური პარტიის სათავეში ებოტი 2009 წლის მიწურულს მოვიდა, როდესაც წინა ლიდერი რადის მთავრობასთან კლიმატის ცვლილების ინიციატივაზე თანამშრომლობის გამო შეცვალა. თავად ებოტს ამ გლობალური დათბობის არ სჯერა, ის აგრეთვე ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება და ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაურად კვლავ ბრიტანელი მონარქი სურს (ლეიბორისტები რესპუბლიკას უჭერენ მხარს). საბოლოოდ, ლეიბორისტების შიდა კინკლაობის ფონზე, ებოტმა მოახერხა ლიბერალების ყველაზე ნაკლებად სავარაუდო კანდიდატიდან მომავალ ლიდერად გარდაქმნა.

ებოტის ყველაზე დიდი საარჩევნო დაპირება ხელგაშლილი სადეკრეტო შვებულების სქემაა, რომელიც დედებს ექვსი თვის სანაცვლოდ 75,000 დოლარს სთავაზობს. ამგვარი სტრატეგია არაპოპულარულია მის პარტიასა და ბიზნესწრეებში. ის აპირებს, კომპანიების გადასახადი 1,5%-ით შეკვეცოს, თუმცა ეს არ მოიცავს 3,000 დიდ ბიზნესს, რომლებიც გადახდას 30%-იანი საგადასახო განაკვეთით გააგრძელებენ. ებოტი, აგრეთვე, უცხოური დახმარებისთვის განკუთვნილი 4,5 მილიარდი დოლარის შემცირებას გეგმავს. ამის სანაცვლოდ, ფული დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ძირითადად, უდიდესი ქალაქების, სიდნეის, მელბურნისა და ბრისბენის გზებზე. პირველივე აქტით, ებოტს გილარდის დროს შემოღებული ნახშირბადის გადასახადის გაუქმება სურს.

საკუთარი დაპირებების შესრულებისას, ებოტი სავარაუდოდ წინააღმდეგობას წააწყდება სენატში, რომელშიც წვრილი პარტიები ძალთა ბალანსს იცავენ. საკანონმდებლო დღის წესრიგის გასატანად, ებოტს ცენტრისტ და მემარჯვენე-ცენტრისტ დამოუკიდებელ სენატორებზე დაყრდნობა მოუხდება.

საგარეო პოლიტიკაში ებოტს რამდენიმე გამოწვევა ელოდება. საკუთარი პოზიცია მან ლაკონურად შეაფასა – „მეტი ჯაკარტა, ნაკლები ჟენევა". კამპანიის მსვლელობისას, ებოტმა კევინ რადი ამბიციური გლობალური პროფილის გამო გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ პირველ უცხოურ ვიზიტებს აზიურ დედაქალაქებში მოაწყობდა. მოსალოდნელია, რომ ლიბერალ-ნაციონალური კოალიცია მეტ ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვიდრე მულტილატერალიზმზე. კოალიციის ფოკუსში იქნება თანამშრომლობა მეზობლებთან, რომლებიც საგარეო ვაჭრობის 70%-ს და იმიგრანტების ნაკადის წყაროს შეადგენენ. ებოტის გეგმების მიუხედავად, ინდონეზიას ხელს არ აძლევს მისი ორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება: თავშესაფრის მაძიებელთა ნავების უკან გაბრუნება და საგარეო დახმარების შემცირება, რომელშიც ინდონეზია უდიდესი რეციპიენტია.

ტონი ებოტი
ფოტო: Reuters
გაცილებით მეტი თავსატეხი ელოდებოდა ავსტრალიის მომავალ ლიდერს უფრო დიდ ძალებთან ურთიერთობისას. საგარეო პოლიტიკაში ქვეყანა დაყოფილია აზიურ გეოგრაფიასა და დასავლურ ისტორიას შორის. ერთი მხრივ, აშშ ავსტრალიის განუყოფელი მოკავშირეა, რომლის გვერდით გასულ საუკუნეში უბრძოლია მის თითქმის ყველა ომში, ვიეტნამისა და ერაყის ჩათვლით. მეორე მხრივ, ჩინეთი უდიდესი ბაზარია, მინერალების მიმართ ულევი მადით. ჩინეთის მიერ ქვანახშირისა და რკინის მოხმარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის შესანიშნავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მომავალი შესაძლო შეფერხების ფონზე, ამას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება.

2009 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, სახელწოდებით „ბრძოლის ხაზები", ებოტი ადასტურებს ამერიკასთან ალიანსისადმი თავის მხურვალე მხარდაჭერას, ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირებს, რასაც ლეიბორისტების რესპუბლიკანიზმს უპირისპირებს. ებოტისთვის ახლობელია წინამორბედი, უკანასკნელი ლიბერალი პრემიერმინისტრის, მისი მოდელისა და მენტორის ჯონ ჰოვარდის (1996-2007) მაგალითი, რომლის პოლიტიკა პრაგმატიზმისა და კონსერვატიზმის ნაზავს წარმოადგენდა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სტრატეგიული მეტოქეობის გაზრდასთან ერთად, ებოტს ჰოვარდივით ორ პოლუსს შორის მანევრირება და ბალანსი გაუჭირდება. 2011 წლის ნოემბრის შეთანხმებით, დარვინის მახლობლად ბაზაზე 2,500 ამერიკელი საზღვაო ქვეითის განთავსებით, ავსტრალია მნიშვნელოვანი მოთამაშეა პრეზიდენტ ობამას „ბრუნვის" (pivot) გრძელვადიან სტრატეგიაში ინდო-წყნაროკეანურ რეგიონში, სადაც ჩინეთი აღმავლობას განიცდიდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ტონი ებოტს უფრო მეტი საშუალება ექნება აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობისას, ვიდრე კევინ რადს. ლეიბორისტები უფრთხიან ხმების დაკარგვას ანტიამერიკულად გამოჩენით, როდესაც კონსერვატორების შეხედულებები ეჭვქვეშ არაა. მაგალითისთვის, ერთგულმა პროამერიკელმა ჯონ ჰოვარდმა ჩინეთთან ურთიერთობაში დიდ გაუმჯობესებებს მიაღწია. ჩინეთიც უფრო მარტივად ხედავს ურთიერთობას კონსერვატორ პრეზიდენტებთან, რომელთა ანგლოსფერულ მოსაზრებებს კარგად იცნობს. ავსტრალიაში მემარჯვენე ლიდერის არსებობა, ისევე როგორც იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, უფრო ნათელს ხდის, რომ აშშ-სთან ალიანსი ჩინეთის არსებობასთანაა დაკავშირებული.

კომენტარები