პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ბოლო გამოკითხვებით, დავით ბაქრაძე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში იმარჯვებს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების შიდა გამოკითხვებით, სამცხე-ჯავახეთში დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს უგებს. როგორც ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას თქვა, ის რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ახალქალაქში.

"ბოლო კვლევებით, ერთადერთ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ჭარბობს - ბაქრაძე უგებს მარგველაშვილს. მთლიანად მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორ მოხდება და რანაირად, არავითარ ბერკეტებს ჩვენ არ ვკადრულობთ. ვერავინ გაბედავს შტაბში გამყალბებლების ჩამოყალიბებას, მაჭავარიანი ამით ამაყობს, რომ კარგი გამყალბებელი იყო. ჩვენ დღეს ახალი მთავრობა და ხელისუფლება მივიღეთ. ჩვენ არ ვურეკავთ ჩვენს პარტნიორებს, არ ვურეკავთ სომხეთის პრეზიდენტს, რომ მან რამე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, გაიგონ, გააანალიზონ და აირჩიონ. ბოლო წლების განმავლობაში, ლამის მიერეკებოდნენ ამ ადამიანებს საარჩევნო ყუთებთან. ხშირად იმდენ ხმას იღებდნენ, რომ ამდენი ადამიანი არ ცხოვრობდა იქ. ჩვენ ვაკეთებთ აგიტაციას იქაც, მხოლოდ დაშვებული მეთოდებით ვსარგებლობთ. არც ისეა საქმე, როგორც ეგონათ, რომ მათ არ ესმით, მე დიდ პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს, ასევე სომხებს, მათ აქვთ ანალიზის უნარი, დანახვის საშუალება და დარწმუნებული ვარ, იქაც მოხდება გარდატეხა და იქაც გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები