ოკუპირებული ტერიტორიები

მაია ფანჯიკიძე: პრეზიდენტის შემოთავაზება დაგვიანებულია

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება აქტიური თანამშრომლობის შესახებ უკვე დაგვიანებულია. ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია განიმუხტოს და რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო მხარდაჭერა დაუპირისპირდეს. როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციაა.

"ყველა დახმარება, რაც შეგვიძლია მივიღოთ, მისასალმებელია. თუმცა მე ვთვლი, რომ პრეზიდენტმა თანამშრომლობა საკმაოდ გვიან შემოგვთავაზა. მხოლოდ ერთი თვე იქნება ის პრეზიდენტი. ეს ერთი წელი - ე.წ. კოჰაბიტაციის, გარკვეულწილად, უნდა ყოფილიყო თანამშრომლობის წელი, რაც იყო კიდევაც ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთავაზება უკვე დაგვიანებულია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ნიუ იორკში 60-მდე შეხვედრა ჰქონდა და თითოეულის მთავარი თემა სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. 

"ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის 28 ელჩს. ისინი ახლა სწორედ საოუკუპაციო ხაზის მიდამოებში იმყოფებიან, რათა თავიანთი თვალით ნახონ ის მავთულხლართები, რომელსაც რუსეთი აბამს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს მათთან შეხვედრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი განცხადებები საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო იქნება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მან გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ჩვენი მიწების ჩუმი და საშიში ანექსია შეჩერდეს".

კომენტარები