იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელ ორგანოდ ყალიბდება

იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მმართველობის სფეროდან გადის. ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მთლიანად დამოუკიდებელ ორგანოდ ყალიბდება და მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. 

კანონპროექტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი პარლამენტს ყოველწლიურად სამსახურის საქმიანობის ამსახველ ანგარიშს წარუდგენს. ამასთან, თუ პარლამენტი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, მიიღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 

კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით, იურიდიული დახმარების მართვის ბერკეტები სპეციალურად ამისთვის შექმნილ კოლეგიალურ ორგანოს - იურიდიული დახმარების საბჭოს გადაეცემა. თავად საბჭო ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. 

ამასთან, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, ფართოვდება უფასო იურიდიული დახმარების მიმღებ პირთა წრეც - ბრალდებულის და განსასჯელის გარდა, იურიდიული დახმარების სამსახურით სარგებლობის შესაძლებლობა გამართლებულს, შემდგომი ინტერესების დასაცავად შეეძლება. 

კომენტარები