საგარეო პოლიტიკა

პლასტილინის საგარეო პოლიტიკა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს მიაწერენ აღიარებას, რომ ის „პლასტილინის ადამიანია". როგორც ჩანს, ამით ბ-ნ მარგველაშვილს იმის თქმა სურდა, რომ ის ადვილად უღებს ალღოს განსხვავებულ გარემოსა და ადამიანებს. კრიტიკოსებმა ამ თვითდახასიათებაში უფრო საკუთარი ხედვის ნაკლებობა და სხვათა ინიციატივებსა და გემოვნებაზე მორგების მიდრეკილება დაინახეს. იმას, თუ რამდენად ელექტორალურად მოგებიანია საპრეზიდენტო კანდიდატისთვის „პლასტილინის" იმიჯის გამოძერწვა, ოქტომბრის ბოლო კვირადღეს შევიტყობთ. გაცილებით ადრე გახდა ცნობილი, თუ რამდენად საზიანოა ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ „პლასტილინის პრინციპის" გატარება საგარეო პოლიტიკაში.

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებად გაურკვევლობა, ორაზროვნება, ბუნდოვანება და ცვალებადობა გადაიქცა. ამ დასკვნის სამართლიანობაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ დავაკვირდებით ქვეყნისთვის სამ უმთავრეს მიმართულებას: დამოკიდებულება რუსეთთან, მონაწილეობა რეგიონულ სატრანზიტო პროექტებში და პოზიცია რუსეთის საინტეგრაციო იდეების მიმართ და მათ ზეგავლენას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე.

ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან განსაზღვრავს ის რეალობა, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა ღია სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. როდესაც პრემიერი ივანიშვილი აცხადებს, რომ მართალია, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ შეიარაღებული მოქმედებები თურმე საქართველომ „მანამდე დაიწყო, სანამ რუსები საზღვარს გადმოკვეთავდნენ", სწორედ ამ რეალობის ეროზია ხდება. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ და ამგვარ გამონათქვამებს რუსეთის დიპლომატია თავის სასარგებლოდ იყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძვლების შესარყევად. ცნობილია აგრეთვე, რომ რუსები იყენებენ ბ-ნი ივანიშვილის კიდევ ერთ „პლასტილინის" განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთი საქართველოსთვის მისაბაძი ქვეყანაა თავისი საგარეო პოლიტიკის მოწყობის თვალსაზრისით.

მონაწილეობა რეგიონულ სატრანზიტო პროექტებში საქართველოს სამხრეთ კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის სატრანსპორტო და ენერგეტიკული გეოგრაფიის საკვანძო შემადგენელ ნაწილად აქცევს. ამ პირობებში, ბ-ნი ივანიშვილისგან გვესმის: „ბაქო-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი კარგი პროექტია, მაგრამ მის მიმართ უამრავი კითხვის ნიშანი გვაქვს". შედეგად, პროექტის დასრულება გაურკვეველი დროით გადაიდო და გაცივდა ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან. აზერბაიჯანი აგრეთვე შეშფოთებით აღიქვამს იმ გაურკვევლობას, რომელიც სრულიად მოულოდნელად წარმოიშვა რუსეთ-სომხეთის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის შესაძლო ამოქმედების გამო.

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებად გაურკვევლობა, ორაზროვნება, ბუნდოვანება და ცვალებადობა გადაიქცა.

რუსეთის საინტეგრაციო პროექტები (საბაჟო კავშირი და ევრაზიული კავშირი) რომ რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენისა და სახეცვლილი იმპერიის აღორძინების მცდელობაა, ყველასთვის ნათელია რუსეთშიც, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებშიც, ევროპაშიც და აშშ-შიც. მიუხედავად ამისა, ბ-ნი ივანიშვილისგან გვესმის: „ევროკავშირი და NATO კი არიან ჩვენი პრიორიტეტები, მაგრამ თუ ევრაზიული კავშირი ჩვენთვის მომგებიანია, რატომაც არა?". ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და საბაჟო კავშირი და ევრაზიული კავშირი ურთიერთშეუთავსებელი ცნებებია. ერთ გაერთიანებაში წევრობა მეორეში წევრობას გამორიცხავს. სულ ახლახან ურთიერთშეუთავსებლობის ამ პრინციპის კიდევ ორი დადასტურების მოწმენი გავხდით. ევროკავშირმა დამარცვლით განუმარტა სომხეთს, რომ თუ ის საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, როგორც ამის შესახებ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, მას შეუძლია დაივიწყოს ევროკავშირთან ასოცირების პერსპექტივა. პარალელურად, რუსეთის პრემიერმა მედვედევმა საჯაროდ ამცნო უკრაინას, რომ თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, საბაჟო კავშირის კარი მისთვის დაიხურება. უკრაინის გადაწყვეტილება ცნობილია, ის ევროპას ირჩევს. სომხეთისას სულ მალე გავიგებთ.

პოლიტიკურ ლექსიკონში ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზნის ერთდროული მიღწევის მცდელობას ორ სკამზე ჯდომის სურვილს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ეს მცდელობა სკამებს შორის ჩავარდნით მთავრდება.

მკითხველთა ნაწილმა შეიძლება იკითხოს: იქნებ მთავრობის განცხადებები (რიტორიკა) და რეალური ქმედებები (პოლიტიკა) განსხვავდება ერთმანეთისგან? იქნებ, მიუხედავად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მწყობრი ნაბიჯებით აგრძელებს სწორი მიმართულებით სვლას? სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი დიპკორპუსის, საზღვარგარეთ მივლინებული მინისტრების, პარლამენტის წევრებისა თუ სხვა ოფიციალური პირების მისია, ძირითადად, სწორედ მთავრობის ბუნდოვანი, ორაზროვანი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ახსნა-განმარტებებში მდგომარეობს. ჩვენი დიპლომატიური რესურსების ლომის წილი იმას ხმარდება, რომ „სიცრუეში მყოფი" დასავლეთი ვარწმუნოთ იმაში, თუ რაოდენ საჭიროა „სამართლიანობის აღდგენის" ბაირაღით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება.

საქართველოს მხრიდან ენერგიულ, მიზანმიმართულ, პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას შეჩვეული ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, გულახდილად გაოცებულები არიან იმით, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ხელით ასე მონდომებით ანგრიო ქვეყნის დადებითი იმიჯი! თუ საგარეო პოლიტიკის რომელიმე მიმართულებით ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მოძრაობას, ეს სწორედ წინა ხელისუფლების პროაქტიული დიპლომატიის ინერციის შედეგია. „პლასტილინის საგარეო პოლიტიკას", ზიანის გარდა, ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია.

გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ხაზზე მდებარე მცირე ქვეყნები ყოველთვის დგანან სტრატეგიული არჩევანის აუცილებლობის წინაშე. ზოგი სწორ არჩევანს აკეთებს, ზოგიც მცდარს, მაგრამ ყველაზე მეტად ის ზარალდება, ვინც არჩევანს ვერ აკეთებს.

რუსეთის იმპერიის ყოფილ კოლონიებს შორის სწორი სტრატეგიული არჩევანის ეფექტურ და მისაბაძ ისტორიულ მაგალითს ფინეთი და ბალტიის სახელმწიფოები გვთავაზობენ. მათ, ჩვენსავით, იმპერიის დაშლის შედეგად, 1917-1918 წლებში აღადგინეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რუსეთთან სამი, 1918, 1939-1940 და 1941-1944 წლების სისხლისმღვრელი ომის შედეგად, ფინეთმა შეძლო თავისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ბალტიელებმა რუსების პირველი, 1919 წლის შემოტევა კი მოიგერიეს, მაგრამ მეორეს – 1940 წელს, ვეღარ გაუძლეს. ისინი ხელმეორედ, ისევ ჩვენთან ერთად, 1991 წელს განთავისუფლდნენ. დღეს ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია, სამი მათგანი, აგრეთვე, NATO-ს წევრი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცე და შეუვალი ღირებულებები – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო მათი განხორციელების ინსტრუმენტები და მეთოდები შეიძლება იყოს მოქნილი და მრავალფეროვანი.

პლასტილინი ბავშვებში ფანტაზიისა და სივრცული აზროვნების განსავითარებლად კარგი მასალაა. ოღონდ, სირბილესა და ელასტიკურობასთან ერთად, მას სუსტი მხარეებიც აქვს. დღის შუქზე ის მალე ხუნდება. გარდა ამისა, დაბალ ტემპერატურებზე მყიფე ხდება, ყინვას ვერ უძლებს, ტყდება და იფშვნება. რუსეთის მეზობელს პლასტილინი საგარეო პოლიტიკის საშენ მასალად არ გამოადგება.

კომენტარები