ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის არსებობა დაუშვებელია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლიტვის ნაციონალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, დემარკაცია ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა ქვეყნის არსებობა. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და მას საქართველო ჰქვია. ასე რომ, თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, ეს იქნება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. საჯაროდ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი ქმედება ჩვენთვის მიუღებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველი ჟურნალისტის იმ შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ქვეყნის ევროპულ არჩევანს ეხებოდა. ღარიბაშვილის თქმით, გაუმჯობესდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა, პოლიტიკური უცვლელი დარჩა.

"რა თქმა უნდა, გარკვეული ტექნიკური მხარეები ურთიერთობებში პოზიტიურობისაკენ შეიცვალა, გაუმჯობესდა სავაჭრო ურთიერთობა: რუსეთმა თავისი ბაზარი გაგვიხსნა და ღვინისა და მინერალური წყლის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა რუსულ ბაზარზე. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, არ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვან ძვრას ჰქონდეს ადგილი. ორივე მხარის მიდგომა ძალზე ფრთხილია, ჩვენ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ძალზე მტკივნეულია. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, შევიცვალეთ რიტორიკა, გვსურს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და სტაბილური გავხადოთ. ამიტომაც დანიშნა პრემიერმინისტრმა საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში - ბ-ნი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მუდმივად მართავს შეხვედრებს თავის კოლეგასთან, მინისტრის მოადგილე ბ-ნ კარასინთან. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე ევრაზიული კავშირის მიმართ.

"ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი NATO-ში გაწევრიანება და ევროინტეგრაციაა. ჩვენი აზრით, ჩვენი მისწრაფება NATO-სა და ევროკავშირისაკენ, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ჩვენ შეგვიძლია ამ ინტერესების ურთიერთშეთავსება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები