საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

აბაშიძე: ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის რუსეთის ბაზარს ართულებს

Zurab Abashidze
Tabula

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს.

სხდომაზე აბაშიძემ რუსეთის ბაზრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე შესვლის საკითხს თავად ბიზნესმენები წყვეტენ. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, შედეგად, შესაძლოა, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის ბაზარი საქართველოსთვის გართულდეს.

"საბაჟო კავშირში ძალიან სერიოზული ახალი ნორმატივები და რეგულაციები შემოდის. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რის გამოც მას უნდა დავაკვირდეთ. შეიძლება ჩვენს მეღვინეებს ბელარუსში და ყაზახეთში პროდუქციის შეტანა გაუჭირდეთ. იქ ერთიანი რეგულაციაა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, ალბათ ეს ბაზარი მთლიანად გართულდება ჩვენთვის - ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება", - თქვა ზურაბ აბაშიძემ. 

ზურაბ აბაშიძე ევრაზიული კავშირის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"გულახდილად გეტყვით. რამდენჯერმე წავიკითხე და რა იყო სკანდალური, ვერ ამოვიკითხე. პირველი ნაწილი იყო ასეთი - ჩვენ უნდა გავხდეთ NATO-ს წევრები, ევროკავშირის წევრები. ის კი არა, უსწრებს მოვლენებს და ამბობს, რომ იმაზე ადრე გავხდებით წევრები, ვიდრე იქ გვეუბნებიან. ასეთ ოპტიმისტური განცხადებები აქვს მას. ამავე დროს ამბობს, იქმნება უსაშველო, დიდი რეგიონალური ორგანიზაცია. დავაკვირდეთ, შევისწავლოთ, რა ორგანიზაციაა ეს. რატომ არ შეიძლება შევისწავლოთ, რა ხდება რუსეთში. ამას მართლა ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ", - თქვა აბაშიძემ.

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, აბაშიძემ დეპუტატებს რუსეთის პოზიცია გააცნო და თქვა, რომ მიმდინარე მოვლენები 2008 წლის პოლიტიკის შედეგია.

"ასეთი იყო რუსეთისგან პასუხი - ეს ჩვენი ქმედება არ არის პასუხი ახალი ხელისუფლების მიდგომებზე რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ეს არის 2008 წლის ომის რეზულტატი. სასაზღვრო ზოლის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს, ამისთვის ხარჯები გამოიყო. მიღებული იყო სახელმწიფო გადაწყვეტილება. შემდგომ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებთან და ჩვენ ამგვარად ვეხმარებით ამ სასაზღვრო ზოლის შექმნაში", - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დაეთანხმა, რომელმაც თქვა, რომ მავთულხლართების გავლება სოჭის ოლიმპიადასთან არის დაკავშირებული.

"ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვეუბნებიან. მათი ინფორმაციით, რუსეთი ძალიან სერიოზულ დამატებით ნაბიჯებს დგამს სხვა მიმართულებებითაც სასაზღვრო ზოლებზე. არა მარტო აქ, არამედ საერთოდ. თუ თქვენ გაეცნობით პრეზიდენტ პუტინის დადგენილებას, რომელიც სულ ახლახან მიიღეს. იქ არის ჩამოთვლილი ათ გვერდზე ზომები ოლიმპიადაზე და ამას თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რა განცდა აქვთ რუსეთში, მოსკოვში ამ ოლიმპიურ თამაშებთან და იმ საფრთხეებთან, რაც არის მეტ-ნაკლებად კავშირში და მე ამას ვეთანხმები", - თქვა აბაშიძემ.

სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა, რომ გრიგორი კარასინთან 5 ივნისის შეხვედრის შემდეგ, აბაშიძემ 11 ივნისს დაბადების დღე აღნიშნა კვიპროსზე, ლიმასოლში, რუსეთის ყოფილი პრემიერის - ევგენი პრიმაკოვის აგარაკზე, პრიმაკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გარემოცვაში.

"11-ში არა, მაგრამ მოგვიანებით ლიმასოლში გახლდით. ჩემი ბავშვობის მეგობარს, ძალიან ცნობილ კარდიოლოგს, დავით იოსელიანს აქვს იქ ბინა. დაგვპატიჟა მეუღლესთან ერთად და ეს ამბავი ვიზეიმეთ. ნამდვილად, იქვე ახლოს ბინა აქვს პრიმაკოვს. მე მას კარგად ვიცნობ, მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა და კარგად ვიცნობ არა მხოლოდ ბატონ პრიმაკოვს, არამედ უამრავ ხალხს მოსკოვში. სხვა მაღალჩინოსნები ამას არ ესწრებოდნენ - იყო ჩემი პირადი მგზავრობა, ერთი ლარი არ ამიღია ბიუჯეტიდან. კიდევ უკეთესს გეტყვით, დავით იოსელიანს ხვალ 70 წელი უსრულდება, პურ-მარილი აქვს მოსკოვში, 50 წელია, ამ კაცს ვიცნობ, გადაყოლილია ჩემზე, არის ჩემი მკურნალი ექიმი და იმის გამო, რომ ასეთი კითხვა არ დამისვან, ერთი დღითაც კი ვერ მივდივარ მოსკოვში. გავუშვი ცოლი, როგორც ოჯახის წარმომადგენელი. ხალხო, მეტი ნდობა უნდა იყოს ერთმანეთთან! ჩემი თხოვნაა, რომ მეტი ნდობა იყოს!" - თქვა აბაშიძემ ჩიორა თაქთაქიშვილის საპასუხოდ. 

ზურაბ აბაშიძე გაეროს უშიშროების საბჭოს ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლასაც გამოეხმაურა.

"გუშინ გამოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოზე. მან თვითონ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მან დაუშვეს შეცდომები, რა თქმა უნდა, იმ ხელისუფლებას შეცდომები ჰქონდა. გაეროს უშიშროების საბჭოს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ასეთი რამ, მე მგონი, ბევრ მსოფლიო ხელმძღვანელს არ უთქვამს, და ძალიან კარგი მაგალითია სხვებისთვის, რომ მათაც თავიანთ მოღვაწეობაში არა მარტო წარმატებებზე ილაპარაკონ, არამედ წარუმატებლობებზე", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები