ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის საკითხზე. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. მისივე თქმით, ამ მიზნით, 2013 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პარლამენტმა მოიწვიეს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, საპარლამენტო ასამბლეები და ავტორიტეტული არასამთავრობო ინსტიტუტები.

"საპასუხოდ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოავლინონ საერთაშორისო დამკვირვებლები" - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური. მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სერიოზული პრობლემები იქმნება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების თვალსაზრისით და რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების ფონზე.

"ეს შეუძლებელს ხდის იქ მცხოვრები მოსახლეობის წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობას და ლახავს მათ უფლებებს", – აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები