უკრაინამ ევროკავშირთან დაახლოების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო

უკრაინის მთავრობამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოება და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.

უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა დღეს, 18 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უკრაინის სოციალურად ორიენტირებული ძლიერი ეკონომიკის განვითარებისთვის "საგზაო რუკას" წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მთავრობის პრესის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ჩვენთვის წარმოადგენს "საგზაო რუკას" განვითარების იმ გზაზე, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს: ქვეყანა, რომელსაც ექნება ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკა, რაც იძლევა გარანტირებულად ღირსეულ შემოსავალს და ძლიერ სოციალურ დაცვას; ქვეყანა, სადაც იქნება ცხოვრების მაღალი ხარისხი, ისეთი, როგორიც არის ცხოვრების ევროპული სტანდარტი. ჩვენ ყველას გვინდა სუფთა ჰაერი, ხარისხიანი წყალი, უსაფრთხო საკვები, კარგი განათლება ჩვენი ბავშვებისთვის, თანამედროვე სამედიცინო მომსახურება, საიმედო სამართლებრივი დაცვა და ა.შ. ეს ყველაფერი აბსტრაქტული არ არის, ეს არის ის ნომრმები, რომელიც მოქმედებს ევროპის კავშირში და რომელიც გვჭირდება ჩვენ უკრაინაში", - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა.

უკრაინა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ნოემბერში, აღმოსავლური პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე გეგმავს. კიევმა და ბრიუსელმა მოლაპარაკებები 2011 წლის ბოლოს დაასრულეს, თუმცა ევროკავშირმა მისი ხელმოწერა გადადო უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გასამართლების გამო, რაც ბრიუსელში პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნიეს. დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლება ერთ-ერთი პირoბაა, რასაც ევროპა კიევს შეთანხმების ხელმოსაწერად უყენებს.
ვილნიუსის სამიტის მოახლოების პარალელურად, რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე ეკონომიკური ზეწოლა.

რუსულმა საბაჟომ 2013 წლის აგვისტოში უკრაინიდან შემოსული ყველანაირი საქონელი რისკჯგუფში შეიტანა, რის გამოც უკრაინულმა საქონელმა დამატებით შემოწმება უნდა გაიაროს. ეს უკრაინული ექსპორტის გაურკვეველი დროით შეჩერებას ნიშნავს და შესაძლოა უკრაინას 2-დან 2,5 მილიარდამდე დოლარის ზარალი მიაყენოს.

კომენტარები