ჰესების მშენებლობა

ივანიშვილი: ჰესების მშენებლობა სტრატეგიულად გვჭირდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს. საქმე ხუდონჰესისა და ხდის ხეობებში დაგეგმილ მშენებლობებს ეხება.

"პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ორ ადგილზე ჰესი არ აგვეშენებინა – ხთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე თხოვნა იყო "ხუდონჰესზე", სადაც წყალი მოემატება. მე ვთხოვე პატრიარქს, ამ პროექტებისთვის მხარი დაეჭირა და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია. აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდეს მეტი ელექტროენერგია. ეს შექმნის საფუძველს, დაფუძნდეს მრავალი ტიპის საწარმო. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის პროექტი ხვალ ადგილობრივ გამგეობაში განიხილება. შესაბამისად, პრემიერმა სვანებს მიმართა, ამ საკითხს "გაგებით მოეკიდონ", რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს.

"რა თქმა უნდა, ბუნება სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებსაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ. აუცილებელია, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ ხუდონჰესი ასაშენებელია, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბუნებასთან დაკავშირებულ გათვლებს ცნობილი კომპანიები აწარმოებენ და მოსალოდნელ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანენ. 

"არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ ოქროს შუალედს მოვძებნით. ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად მოკლე ვადით ახერხებდა მოსახლეობის გულის მოლბობას, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად გვჭირდება ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება", - განმარტა ივანიშვილმა.

კომენტარები