ჰესების მშენებლობა

პრემიერი: დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერი არ უკავშირდება იქ არსებულ ჰესს

"დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური შემთხვევა არაფრით არ უკავშირდება იქ არსებულ ჰესს. ეს 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა
დარიალის ჰესიდან. მეტიც, სწორედ ჰესის გვირაბმა მოახდინა წყლის ნაკადის გატარება და ავცდით კიდევ უფრო დიდ კატასტროფას" -განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში, "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ხობისწყალზე იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება და "ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისა და მშენებლობის ინტენსიური და შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს". ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ გვქონდეს საკუთარი ენერგორესურსები. 

"როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტების მშენებლობას ვიწყებთ, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს, ამაში ჩართული არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მიმდინარეობს ყოველმხრივი შესწავლა და მხოლოდ კვალიფიციური დასკვნების შემდეგ ვიწყებთ პროექტების განხორციელებას. ჩვენ უარი ვთქვით ფასადურ მშენებლობებზე და ვაშენებთ ისე, რომ გამორიცხული იყოს მშენებლობით გამოწვეული კატასტროფები" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა პირდაპირ არის დამოკიდებული ენერგეტიკაზე. 

"თუ „ხობიჰესი-2-ის“ პროექტის ძველი პირობების თანახმად წარმოებული ელექტროენერგიის მხოლოდ 8.5 პროცენტი უნდა დარჩენილიყო საქართველოში, ახალი პირობებით ეს მაჩვენებელი 45 პროცენტამდე გავზარდეთ, საჭიროების შემთხვევაში, ენერგოსისტემის მიერ 100 პროცენტი ენერგიის ათვისებაც გახდება შესაძლებელი. ჩვენ დავაინტერესეთ ინვესტორი. ყველა რწმუნდება, რომ აქ ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო. ამ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება იმის დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო, სტაბილური პარტნიორი" - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჰიდროელექტროსადგურების აშენება ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიდან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. 

„ხობიჰესის პროექტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია. ეს არის ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი" - დასძინა ღარიბაშვილმა.

კომენტარები