ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სააკაშვილი რომ გონივრულად მოქცეულიყო, რუსეთი ჯარს არ შემოიყვანდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ომში დამნაშავე რუსეთია. მისივე თქმით, სააკაშვილი რომ გონივრულად მოქცეულიყო, რუსეთი ჯარს არ შემოიყვანდა.

"ყველამ ვიცით, როგორ იქცევა რუსეთი. მან აგრესიული ქმედება ჩაიდინა დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის 20%-იც ახლა ოკუპირებული აქვს. რუსეთთან ყველაფერი გასაგებია, მან გააკეთა ის, რაც გააკეთა. მაგრამ სააკაშვილი რომ გონივრულად მოქცეულიყო, სისულელეები რომ არ ჩაედინა, რუსეთი საქართველოში ჯარებს არ შემოიყვანდა. საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუირება, ევროპელი დამკვირვებლების გამოძახება, სკანდალის ატეხვა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. სააკაშვილმა კი ტანკები შეიყვანა და თვითმფრინავები აფრინა, რის შემდეგადაც, საქართველოში რუსეთის რეგულარული ჯარი შემოვიდა", - ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, ომში დამნაშავე რუსეთია. მას არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების შემოყვანის უფლება, რადგან ის სუვერენული სახელმწიფოა.

ივანიშვილმა რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან პრობლემები ბევრ ქვეყანას ჰქონდა, მათ შორის ლატვიასაც, თუმცა ყველა მათგანმა ურთიერთობის დარეგულირება შეძლო. ივანიშვილის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ურთიერთობა სრულად გაიფუჭა.

 

კომენტარები