საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ადამიანთა უფლებებს მუდმივად არღვევდა, ევროპასა და ამერიკაში კი ქვეყანაში დემოკრატიის მიღწევებზე საუბრობდა.
"ბოლოს კი ისე გათავხედდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ჩვენთან უკეთესი დემოკრატიაა, ვიდრე ევროპაშიო. ცხრა წლის განმავლობაში კონტროლქვეშ ჰყავდათ მედია, ბიზნესი, ციხეები გადაივსო. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ პატიმართა 70% გავათავისუფლეთ. ციხეში ადამიანებს იმიტომ სვამდნენ, სხვებს რომ შიში გაჩენოდათ, დაკავებულთა შორის ბევრი პოლიტპატიმარი იყო, 300 ათას ადამიანს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რადგან ციხეები სავსე იყო", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა წინა ხელისუფლების პერიოდში მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. თავად ხელისუფლება კი ევროპაში ლობისტურ ღონისძიებებზე თანხას ბიუჯეტიდან ხარჯავდა. კერძოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარი დახარჯეს.
"ეს პარტია აღარასოდეს იქნება პოპულარული, რადგან მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილია მისით. ოქტომბერში გასამართ არჩევნებში მისი კანდიდატი ხმების მხოლოდ 10%-ს მიიღებს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კი, ისინი საერთოდ ვერ მოხვდებიან პარლამენტში", - აღნიშნავს ივანიშვილი.
ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში ყოფილი ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმ პერიოდში ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა.
"ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა, რადგან რუსეთის ბაზარი ჩვენთვის დაიკეტა, სხვა ბაზრებთან სათანამშრომლოდ კი ხარისხის მკაცრი სერტიფიკატი გვესაჭიროებოდა. ეს იმ საგარეო პოლიტიკის შედეგია, როცა რუსეთთან ურთიერთობები გაგვიფუჭდა. სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ დაეშვა ეს შეცდომები, სხვა სიტუაცია გვექნებოდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების მიღწევა საგადასახადო სისტემის მოწესრიგებაც იყო. მანამდე მებაჟეები და გადასახადების ამკრეფები თანხებს ერთმანეთში იყოფდნენ, რის გამოც ქვეყანას ძალიან მცირე ბიუჯეტი ჰქონდა.
"თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი დახმარების გარეშე არ გაკეთებულა, ახალ ხელისუფლებას კონსულტაციებს ვუწევდი, ყოველ კვირას მებაჟეების შეცვლა შევთავაზე, ვყიდულობდი კამერებსა და სხვა მოწყობილობებს. შედეგებს საკმაოდ სწრაფად მივაღწიეთ, მაგრამ მათ ესეც კი გააუკუღმართეს - ყველას სათითაოდ ჩაუძვრნენ ჯიბეში, ბაზრის უბრალო მოვაჭრესაც კი, რომელიც დღეში 10 დოლარს შოულობს, ფულს ართმევდნენ. ბიზნესი სრულად კონტროლირებაში იყო, კორუფცია აყვავდა", - თქვა ივანიშვილმა ტელეგრაფთან საუბარში.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიციის რეფორმა მისასალმებელი იყო. თუმცა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შემდეგ ხელისუფლებამ ეს პოლიცია თავისივე ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა და ეს რეფორმაც ჩააგდო.
"მაგრამ ის, რომ პოლიცია სამართლიანი და პატიოსანი გახდა, ჩვენი ხალხის მაღალი კულტურის დამსახურებაა და არა იმის, თუ როგორი განსაკუთრებული ხელისუფლება გვყავს. უბრალოდ, გენერლებმა შეწყვიტეს ქრთამის აღება, ხალხი კი დამჯერი გახდა და შეწყვიტა მათთვის ფულის შეთავაზება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ასევე მისასალმებელი იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ გატარებული განათლების რეფორმაც, რომელიც შემდგომ ჩაკლეს. წინა ხელისუფლებამ უნივერსიტეტებში ქრთამის მიღების გარეშე ჩაბარების პრობლემა აღმოფხვრა, რაც მანამდე შეუძლებელი იყო.





