საპრეზიდენტო კანდიდატები

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა , რომლითაც მას ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი შავი ლაქა იქნება.

"დღეს იყო ტესტირება – გააჩნდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ, გამოტანილი განაჩენი არანაირ იურიდიულ არგუმენტს არ ეფუძნება. ეს არის მოსამართლის უფლება, აქ უკანონობა არ არსებობს, მაგრამ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად ზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცესკო-ს წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დღეს კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი 3 სექტემბერს უთხრა. მან გადაწყვეტილება სასამართლოში გუშინ გაასაჩივრა. ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარს თქმას პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები  ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტს ეფუძნება.

 

 

 

კომენტარები