საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი, ამბობს, რომ სირიის კონფლიქტში საქართველოს სამხედრო მონაწილეობა არ განიხილება.
"სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო მონაწილეობა არ განიხილება. სირიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. ის რაც ხდებოდა ამ ბოლო პერიოდში, სამოქალაქო დაპირისპირება, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა და ქიმიური იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მათ ვინც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმების მიხედვით. საქართველო მონაწილეობს ყველა სამშვიდობო წამოწყებისას საერთაშორისო თანამგობრობის, გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად. ასევე, საქართველო არის ყველა იმ სანქციის თანამონაწილე, რომელიც გაერო-ს ეგიდით არის მიღებული. ჩვენი სურვილია, რომ დროულად მოხდეს ამ უმწვავესი კონფლიქტის დასრულება",- თქვა ზალკალიანმა.
სირიის კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ სამხედრო მონაწილეობის საკითხი არც განხილულა.
"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სამხედრო ოპერაციის შინაარსი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, სახმელეთო ოპერაცია არ იგეგმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამიტომ ეს საკითხი არც დამდგარა. ჩვენ ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვართ ჩაბმული საერთაშორისო ოპერაციებში. ამ ეტაპზე სხვა საკითხი არც დაყენებულა და არც განხილულა",-აღნიშნა ალასანიამ.





