"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით 110 დისკი გაანადგურდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.
განადგურებამდე დისკები სპეციალურ დალუქულ კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელზეც ლუქი საჯაროდ მოიხსნა. პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა.
მასალების განადგურების პროცესს ესწრებოდნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.
კომისიის წევრების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა.





