საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დღეს მას არ ჰყავს რეალურიკონკურენტი და ჩემი აზრით, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს დიდი შედეგით. ამის შესახებ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ მიაჩნია გიორგი მარგველაშვილის მთავარ კონკურენტად საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის უკონკურენტოა.
"კარგია რომ ბევრი კანდიდატი დარეგისტრირდა და კარგია, რომ ყველას ეძლევა მონაწილეობის საშუალება. გარწმუნებთ კიდევ ერთჯერ, რომ სახელისუფლებო რესურსები გამოყენებული არ იქნება. უნდა მოვახერხოთ და დავაჯეროთ ხალხი გარეთაც და შიგნითაც, რომ საქართველოს ეს შეუძლია," - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოს ნინო ბურჯანაძე შეიძლება იყოს ალტერნატიული სახელისუფლებო კანდიდატი, არ შეესაბამება სიმართლეს.
"ჩვენ უკვე ერთი კანდიდატი წამოვაყენეთ. მე ერთ რამეს გეტყვით თქვენც და საზოგადოებასაც, რომ მე უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი მიცნობს, არა მხოლოდ მთავრობის წევრები. პარლამენტშიც და ისედაც უკვე საკმაოდ ბევრი შეხვედრა მქონდა. მჩვევია, რომ რასაც ვამბობ შიგნით, გამომაქვს გარეთ და ზოგჯერ რასაც გარეთ ვამბობ, შიგნით არ იციან და მხოლოდ შემდეგ ვსაუბრობ შიგნით. ეს დამალული და მიჩქმალული თამაშები, ეს არ არის ჩემი წესი, თუმცა პოლიტიკას ეს ახასიათებს და მე მესმის თქვენი კითხვის არსი. ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატი, ეს არის გიორგი მარგველაშვილი და არ არსებობს არავითარი თამაში ამის ირგვლივ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





