ღია წერილი

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს

ბ-ნო პრემიერმინისტრო,

ამ წერილის დაწერა რამდენიმე გარემოების გამო გადავწყვიტე. ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია (ივნისში შემცირდა 0.8%-ით); მთავრობას არათუ სრულად, საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული რა არის ამის მიზეზ(ებ)ი; შესაბამისად, ვითარების გამოსწორებაზე ოცნებაც კი რთულია; ყველა ხედვა, რომელსაც აღმასრულებელი თუ საკანონმებლო ხელისუფლების (საპარლამენტო უმრავლესობის) წარმომადგენლები აჟღერებენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება, კარგ შემთხვევაში ილუზორულია, ხოლო ხშირ შემთხვევაში ეკონომიკისთვის საზიანო.

მთავარი პრობლემა, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკა გაჩერდა, არ არის "წინასწარ აკრეფილი გადასახადები" (აქ არ შევჩერდები იმაზე, რამდენად სიმართლეა ეს), "გამოწურული ბიზნესი", "წინა ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა", "თავისუფლებას მიუჩვეველი ან ზარმაცი ქართული ბიზნესი", "წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესების გაჩერება" და სხვა, ისე როგორც ამას თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ამტკიცებთ. ეკონომიკის გაჩერების მიზეზი არც "ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებაა", მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ასეთი ტიპის პროექტების მასშტაბური გაჩერება/შენელება აღსრულებული ფაქტია.

ეკონომიკა არ არის ციფრები და სტატისტიკა. ეკონომიკა ცალკეული მოქალაქეების ყოველდღიური გადაწყვეტილებების კრებულია, გააკეთონ რამე თუ არ გააკეთონ, გარისკონ თუ არ გარისკონ, გათვალონ 1 წელზე, 5 წელზე, 10 წელზე თუ 3 დღეზე. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აისახება იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებზეც მე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა საპარლამენტო თუ სხვა ტრიბუნებიდან და რომლებშიც მუდმივი გაუარესების ტენდენცია აღინიშნება.

მთავარი პრობლემა, რომლის გაცნობიერება და/თუ აღიარება თქვენს მთავრობას არ სურს, არის არასტაბილურობის განცდა. იმის გამო, რომ ჩვენი თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უჭირთ განსჭვრიტონ როგორი იქნება საქართველოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემო, ისინი ერიდებიან აქ ინვესტიციების ჩადებას, სესხის აღებას, ბიზნესის დაწყებას/გაფართოებას და ა.შ. და ა.შ. მეტიც, მათი ნაწილი ცდილობს საკუთარი კაპიტალის უფრო სტაბილურ სივრცეში გადატანას, რადგან საქართველოში მომავალი უკიდურესად არაპროგნოზირებადი გახდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. და თუ არასტაბილურობის განცდა ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლებოდა დაგვებრალებინა ახალი პოლიტიკური რეალობისთვის (რასაც თქვენი მთავრობის წევრები, თქვენივე ფრაზეოლოგია რომ გამოვიყენო, წარმატებით ახერხებდნენ), დღეს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 10 თვის შემდეგ, ამაზე საუბარიც კი არასერიოზულია.

შევეცდები, რამდენიმე კონკრეტული მაგალითით ავხსნა, რა ქმნის არასტაბილურობის განცდას. ეს არ იქნება ამომწურავი ჩამონათვალი; ამას რამდენიმე კვირის მუშაობა დასჭირდებოდა; მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ პრობლემის არსის ილუსტრირებას შესაძლებელს გახდის.

ა) ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო შარშანდელ საშემოდგომო სესიაზე, იყო საგადასახადო კოდექსიდან იმ ჩანაწერების ამოღება, რომლებიც 2013 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე გადასახადის (საშემოსავლო, დივიდენდი, როიალტი) შემცირებას გულისხმობდა. უმრავლესობის მიერ მოყვანილი არგუმენტი ლეგიტიმური იყო - ეს გამოიწვევდა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ასეა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გადასახადების შემცირება, ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი, იქნებოდა ძლიერი გზავნილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ ჩანაწერის კოდექსიდან ამოღებით კი ჩვენ, ქვეყანამ, გავაგზავნეთ სრულიად საპირისპირო გზავნილები - 1. საქართველოში ეკონომიკური/საგადასახადო გარემო შეიძლება შეიცვალოს ყოველ პოლიტიკურ ცვლილებასთან ერთად; 2. ინვესტორები, რომელთაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს ბიზნესი საქართველოში და ელოდნენ გადასახადების შემცირებას, სახელმწიფომ უბრალოდ მოატყუა; 3. ნებისმიერი ახალი, პოტენციური ინვესტორი შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში, რადგან სახელმწიფო არ იკლავს თავს გაცემული დაპირებების შესრულებით.

ბ) რამდენიმე თვე გაგრძელდა დისკუსია ახალ შრომის კანონმდებლობაზე. დისკუსიას წინ უსწრებდა უაპელაციო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს "მონური შრომის კოდექსი", "ლეგალიზებული მონობა" და სხვა. მთელი ეს შრომის კანონმდებლობის "დახვეწის" პროცესი ისე შეიფუთა, თითქოს ახალი კოდექსის მიღება მოქალაქეებს დაასაქმებდა, რაც შესაძლოა ძალიან მომგებიანი იყო პოლიტიკური დივიდენდების მიღების კუთხით, მაგრამ დამღუპველი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთი ტიპის პოპულიზმში თქვენ პირადად იყავით ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, შრომის კოდექსის არც წინა და არც ახალი ვერსია წაკითხული არ გაქვთ (არა იმიტომ, რომ კითხვა არ გიყვართ, უბრალოდ ძალიან მეეჭვება ამის დრო გქონდეთ). თქვენ აჰყევით რამდენიმე ევროპელის დაჟინებულ რჩევას, რომ შრომის კანონმდებლობა გაგეხადათ უფრო "ევროპული" და დაგავიწყდათ, რომ ბრიუსელი მოსკოვი არ არის. ევროპისკენ იმისთვის არ მივდივართ, რომ ბრიუსელისგან ისევე მივიღოთ მითითებები, როგორც ადრე კრემლიდან ვიღებდით. განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, მათ შორის, შრომის ბაზარზეც. რა მივიღეთ შედეგად? 1. სრული დაბნეულობა ბიზნესსექტორში რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა ვერ გაიგეს რამდენად უძვირდებოდათ მათ მუშახელი; 2. პროცესის დასრულების შემდეგ, გართულებული სამსახურში აყვანისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები ანუ გაზრდილი ხარჯები ბიზნესისთვის. თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ასეთი გარემო უფრო მიმზიდველი იქნებოდა თუ პირიქით? თქვენ, ან რომელიმე თქვენი მთავრობის წევრს, გულწრფელად გჯერათ, რომ ახალი შრომის კოდექსის პირობებში დაქირავებული შრომით დაკავებული ადამიანების მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა?

გ) თვეებია გრძელდება დისკუსია აზარტული თამაშების აკრძალვის თაობაზე. პარლამენტში შესაბამისი ინიციატივაც არის შემოსული. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ უმრავლესობისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. აზარტული თამაშების აკრძალვა ნიშნავს 1. ათეულობით ათასი არსებული სამუშაო ადგილის დაკარგვას; 2. ათეულობით, თუ არა ასეულობით, მილიონი ინვესტიციის შეჩერებას, რაც შეიძლება გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა; 3. საბიუჯეტო შემოსავლების კლებას, რაც კიდევ უფრო მეტად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ სოციალური ხასიათის დაპირებების შესრულებას, რომლებიც თქვენ უხვად გაეცით წინასაარჩევნოდ. თუ ზრდასრული მოქალაქეები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების, ნებაყოფლობით კავდებიან აზარტული თამაშებით და მზად არიან ასეთი ტიპის გართობაში დახარჯონ საკუთარი ფული, რატომ ჰგონიათ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომ მათ აქვთ უფლება მოქალაქეებს ასეთი ქმედება აუკრძალონ? ასეთი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი დისკუსიის შედეგი - დაბნეული არსებული თუ პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც დღესაც არ იციან, ღირს თუ არა არსებული ბიზნესის გაფართოება, დაწყებული პროექტის დასრულებაში ფულის ჩადება ან ახალი პროექტის დაწყება.

დ) პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე. ამ აკრძალვას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგები: 1. ქვეყანაში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, შესაბამისად, შემცირდება სამუშაო ადგილები, შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები; 2. უცხოელები, რომლებიც უკვე ფლობენ მიწას საქართველოში, იქნებიან მუდმივი შიშის ქვეშ, რომ მათ საკუთრების უფლებასაც შეიძლება შეექმნას საფრთხე; შესაბამისად, არ იფიქრებენ ახალ ინვესტიციებზე, განვითარებაზე და ა.შ.; შედეგად - კვლავ ნაკლები ინვესტიციები, ნაკლები სამუშაო ადგილები, ნაკლები საბიუჯეტო შემოსავლები; 3. ეს არის გზავნილი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ გადაუხვია თავისუფალი ეკონომიკის გზიდან და მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტ აკრძალვებსა და რეგულაციებს - შესაბამისად, ერიდეთ კაპიტალის საქართველოში დაბანდებას!

ე) იმის გამო, რომ საბიუჯეტო შემოსავლებში შეგექმნათ პრობლემა, გადაწყვიტეთ შემოსავლების მობილიზების ახალი წყაროები მოგეძიათ. ეს გასაგებია. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა და თქვენი მთავრობა არ არის პირველი მთავრობა, რომელიც აღმოჩენილა მსგავსი გამოწვევის წინაშე. სწორი გამოსავალი იქნებოდა გადასახადების დაწევის და ბიუჯეტის შემცირების გზით წასვლა, მაგრამ თქვენ მრავალნაცადი და, ჩემი აზრით, გაუმართლებელი გზა აირჩიეთ - გადაწყვიტეთ ასწიოთ აქციზის გადასახადი თამბაქოსა და ალკოჰოლიან ნაწარმზე. რამდენიც არ უნდა ისაუბროთ იმის თაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით თქვენ ებრძვით მაღალ არტერიულ წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, კერძო სექტორმა მიიღო კონკრეტული გზავნილი - სახელმწიფოს უჭირს საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და, შესაბამისად, მომავალში უნდა ველოდოთ საგადასახადო გარემოს მხრივ კიდევ უფრო უარეს ნაბიჯებს. იგივე შეიძლება ითქვას მინერალურ წყლებზე მოსაკრებლის გასამმაგებაზე. თქვენ, როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, არ გაგიჭირდებათ იმის განჭვრეტა თუ რა ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს ბიზნესი ასეთი გზავნილის შემდეგ.

ვ) პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებას მომავალი წლის 1 თებერვლამდე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხეშად ჩაერევა კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაში. შედეგი: 1. მოკლევადიან პერსპექტივაში - ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული ზარალი; 2. საშუალოვადიან პერსპექტივაში - კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩენილი ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით, რადგან ფინანსური ინსტიტუტები მიღებული ზარალის ანაზღაურებას, პირველ რიგში, სწორედ მათგან შეეცდებიან; 3. გრძელვადიან პერსპექტივაში - ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, პირველ რიგში, და ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ეკონომიკური მოთამაშის მხრიდან, ზოგადად, დაკარგული ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც საბოლოო ჯამში კვლავ გამოიხატება ნაკლებ ინვესტიციებში, ნაკლებ სამუშაო ადგილებში, ნაკლებ საბიუჯეტო შემოსავლებში. ის, რომ თქვენ ღიად დაუპირისპირდით ამ ინიციატივას, მას შემდეგ რაც ის ორი მოსმენით გავიდა პარლამენტში, ვითარებას არ ცვლის უკეთესობისკენ. ოპოზიციაში ყოფნასა და ხელისუფლებაში ყოფნას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის განცხადებებსა და ინიციატივებზე ეკონომიკა ნაკლებად ან საერთოდ არ რეაგირებს, ხოლო ხელისუფლების თუნდაც ერთი წარმომადგენლის განცხადებას/ინიციატივას მყისიერი ზიანის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით ისეთი მგრძნობიარე ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.

ზ) არ ვიცი რამდენად ადევნებთ თვალყურს საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ერთ-ერთი საგულისხმო, თუ არა საგანგაშო, ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა ახალი პარლამენტის მუშაობაში, არის მიდრეკილება ახალი სახელმწიფო ბიუროკრატიის შექმნისკენ. მაგალითად, იქმნება სადაზღვევო კომპანიებზე ზედამხედველობის ცალკე სააგენტო (ადრე ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჰქონდა), იქმნება ფასიან ქაღალდებზე ზედამხედველობის ცალკე სამსახური (ეს ფუნქციაც ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოერთვას), იქმნება სახელმწიფო დაზღვევის სპეციალური ფონდი, სადაც უნდა აკუმულირდეს აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის 1/3, რაც დაახლოებით 600 მილიონი ლარია (საინტერესოა, რითი დაფინანსდება ის საბიუჯეტო მუხლები, რომლებზეც ახლა იხარჯება ეს 600 მილიონი?) და სხვა. ეს არის ასევე ერთმნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესისთვის, რომ სახელმწიფო მიდის ზედმეტი ბიუროკრატიის შექმნისა და ზედმეტი ვალდებულებების აღების გზით, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე მოთხოვნას და, შესაბამისად, გადასახადების პოტენციურ ზრდას. შედეგი: 1. ქვეყნის შემცირებული კონკურენტუნარიანობა; 2. გაუარესებული საინვესტიციო გარემო; 3. ნაკლები ახალი კაპიტალი, ნაკლები სამუშაო ადგილები და ა.შ.

თ) როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებით, პირადად თქვენ ან თქვენი მთავრობის მინისტრები, მიუხედავად იმისა, ხვდებით სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს თუ პოტენციურ ინვესტორებს, და საუბრობთ იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს მოწინავე პოზიციები სხვადასხვა რეიტინგებში, გასულ წლებში იყო ფასადური, ამით თქვენ ზიანს აყენებთ საქართველოს ეკონომიკას. მესმის, რომ თქვენ არ ხართ გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ ამ კავშირის დანახვა არ უნდა იყოს რთული თუნდაც ახალბედასთვის. ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ, ნებისმიერმა ბიზნესმენმა შეიძლება იფიქროს მხოლოდ ორი რამ: 1. თუ ეს განცხადება ტყუილია, მაშინ დღევანდელ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის რას ნიშნავს ეს რეიტინგები და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება სარისკოა; 2. თუ ეს განცხადება სიმართლეა, მაშინ საქართვლოში არ ყოფილა მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, როგორც ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა რეიტინგები აჩვენებდნენ და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება როგორც მინიმუმ მანამდე არის სარისკო, სანამ ახალი ხელისუფლება ვითარებას არ გამოასწორებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ფულის ჩადება არ ღირს!

ი) ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა ქსენოფობიურმა განწყობებმა. ეს, გარდა იმისა, რომ თავისთავად წარმოადგენს პრობლემას, სხვა ყველაფერთან ერთად, აისახება ინვესტორებთან დამოკიდებულებაზეც. ადამიანებს, რომლებმაც დახარჯეს საკუთარი ფული, რათა შეეძინათ მიწა, დაეხნათ, დაეთესათ, დაერგოთ და ა.შ., უაპელაციოდ უნადგურებენ ნათესებსა და ნარგავებს, აყენებენ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. და ამის გამო არავინ ისჯება. თქვენ მიერ ქებული და ,"პრინციპულად" გამოცხადებული გაზეთი კი პრაქტიკულად ნომერს არ აგებს, რომ ქსენოფობიური განწყობები არ გააღვივოს ჩინელი, ინდოელი, ირანელი თუ სხვა ქვეყნის პოტენციური თუ არსებული ინვესტორის მიმართ. ცოტა ხნის წინ კი საქართველომ ცალმხრივად გააუქმა უვიზო მიმოსვლა ირანისთვის, რითიც პრაქტიკულად უარი თქვა როგორც ირანულ ინვესტიციებზე, ისე ამ ქვეყნიდან ტურიზმით შემოსავალზე. ეს ასევე არის მკვეთრი გზავნილი გარე სამყაროსადმი, რომ ერიდონ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას, რადგან 1. ისინი აქ არ უყვართ; 2. მათ აქ შეიძლება პრობლემები შეექმნათ. ვერავინ დაავალდებულებს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტებს, გახდნენ უფრო ტოლერანტულები ან გაერკვნენ ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კონკრეტული ადამიანების საკუთრების უფლების შელახვას, სახელმწიფო არ უნდა დგებოდეს სირაქლემას პოზაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კ) მნიშვნელოვანი პრობლემაა არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების (ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას) დევნითა და შერჩევითი სამართლით. თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ამ ფაქტის პერმანენტული უარყოფის რეჟიმში იმყოფებით უკვე თვეებია, მაგრამ აქვს თუ არა ადგილი შერჩევით სამართალს პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, ამის შესამოწმებლად ძალიან მარტივი ტესტი არსებობს - ყველა დეპუტატი, რომელმაც დატოვა უმცირესობის რომელიმე ფრაქცია და გადავიდა უმრავლესობის ერთ-ერთ ფრაქციაში ან შექმნა ახალი ფრაქცია, "აღმოჩნდა" უკიდურესად წესიერი და უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანი. ხოლო უმცირესობის ფრაქციებში დარჩენილი დეპუტატების უმეტესობის წინააღმდეგ, ან მათი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების წინააღმდეგ, სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურებში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ანალოგიური ვითარებაა პრაქტიკულად ყველა ადგილობრივ საკრებულოში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ სურათის შედეგია და არა გიორგი კანდელაკის დამსახურება ის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, ისევე როგორც პრესაში, პერმანენტულად ისმის საქართველოს კრიტიკა. ეს კი პირდაპირ აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდის უმთავრესი წინაპირობაა.

ლ) ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც მეტ-ნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც გაკისრებთ პასუხისმგებლობას უამრავ მტკივნეულ და რთულ საკითხზე, ისევე როგორც ვალდებულება, რეგულარული ურთიერთობა გქონდეთ მედიის წარმომადგენლებთან, არცთუ ისე სახარბიელო პოზიციაა ადამიანისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვა ტიპის გარემოში გაატარა. მიუხედავად ამისა, თქვენი მუდმივი განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პერმანენტური გაუგებრობის მდგომარეობაში ამყოფებს ბიზნესსექტორს და უბიძგებს მას, არ გააკეთოს გრძელვადიანი გათვლები და, შესაბამისად, გრძელვადიანი ინვესტიციები. ალბათ დამეთანხმებით, ამის გაცნობიერებას არ სჭირდება ხანგრძლივი ანალიზი.
ასეთი ტიპის პრობლემების ჩამოთვლა, უსასრულოდ არა, მაგრამ ქართული ანბანის ამოწურვამდე ნამდვილად შემიძლია. თუმცა, ვფიქრობ, სურათი ისედაც ნათელია.

არასტაბილურობის განცდას დამატებით აღრმავებს თქვენი მთავრობის მიერ ეკონომიკური პრობლემების დაძლევასთან და, ზოგადად, ქვეყნის წინსვლა-განვითარებასთან მიმართებაში გაჟღერებული რამდენიმე იდეა. შევეცდები თითოეულ მათგანს შევეხო მოკლედ:

ა) "ამდენი მიწები იხვნება და შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე" - რამდენჯერმე მოვისმინე ეს თუ ამ შინარსის მატარებელი ფრაზა თქვენი უმრავლესობის წევრებისგან პარლამენტში თუ მედიასაშუალებებში. მიწების სახელმწიფოს მიერ უფასო ხვნა რომ ეკონომიკას აჯანსაღებდეს და ქვეყანა წინ მიჰყავდეს, როგორ ფიქრობთ, დედამიწაზე ამდენი გაჭირვებული ქვეყანა იქნებოდა დღეს? ეკონომიკა მხოლოდ მიწოდება არ არის, აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნაც. მოთხოვნა კი ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში იაფ პროდუქციაზეა, მათ შორის, იაფ აგრარულ პროდუქციაზე. ამიტომ, პრობლემა მიწის ვერმოხვნა კი არ არის, არამედ დაბალი კონკურენტულობა - იაფი აგრარული პროდუქციის ვერმოყვანა. ამ პრობლემის მოგვარებას კი დრო, ურბანიზაცია და ფერმერული მეურნეობების მფლობელობაში არსებული მიწების გამსხვილება სჭირდება. შესაბამისად, მიწების უფასო ხვნა ეკონომიკას ვერ გააჯანსაღებს - ეს შეიძლება იყოს სოციალური ხასიათის პროექტი, მაგრამ არა ეკონომიკური.

ბ) აგრარული სექტორის გაცოცხლების თქვენი მთავრობის მიერ შემოთავაზებული მეორე ინტერვენცია იაფ სესხებს გულისხმობს. აგრარულ სექტორში უნდა გაჩნდეს იაფი ფული, რადგან, როგორც მედიაში გაჟღერებული ინფორმაციიდან გავიგე, აპირებთ გაცემულ სესხებზე ფინანსური ინსტიტუტების მიერ დადებული საპროცენტო განაკვეთის ნაწილის სუბსიდირებას. ფულის გაიაფება ზოგადად იწვევს გაცემული კრედიტების მოცულობის ზრდას. თუმცა, როგორც წესი, ასე ხელოვნურად გაბერილი ბუშტები მალევე სკდება. მიზეზი მარტივია - ხელოვნურად გაიაფებულ ფულზე დამყარებული ბიზნესი, როგორც წესი, საჭიროებს ასეთი იაფი ფულით მუდმივ "დახმარებას". იაფ ფულს კი ულიმიტოდ არავინ იძლევა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი სესხით შექმნილი ბიზნესი განწირულია; მათი მცირე რაოდენობა შესაძლოა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს იქნება წამგებიანი წამოწყება (თქვენთვის, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკუთარი ფულის დახარჯვას აპირებთ), ხოლო მისი ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის ნულთან ახლოს იქნება.

გ) "რუსული ბაზარი გაიხსნება და გვეშველება" არის კიდევ ერთი მითი, რომლის კულტივირებასაც თქვენი გუნდი ახდენს უკვე თითქმის ორი წელია. არ ვიცი, პირადად რამდენად გჯერათ ამ ილუზიის, ამიტომ შევეცდები ავხსნა, რატომ არის ეს დაპირება, რბილად რომ ვთქვათ, არარეალისტური. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მოიპოვება მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის მინერალური წყლებისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტს ახორციელებდა საქართველო წლების განმავლობაში. ამ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ 2003 წელს, როდესაც რუსული ბაზარი ღია იყო ქართული პროდუქციისთვის, მინერალური წყლებისა და ალკოჰოლიანი სასმელების ჯამური ექსპორტი შეადგენდა 104,435 ათას ლიტრს, საიდანაც ჩვენ ვიღებდით 76,331 ათას აშშ დოლარს. 2012 წელს, იგივე მონაცემები ასე გამოიყურება: 127,353 ათასი ლიტრი და 210,642 ათასი აშშ დოლარი. ანუ, დაახლობით 22%-იანი ექსპორტის ზრდის პირობებში, ვიღებთ დაახლოებით 3-ჯერ მეტ შემოსავალს (რადგან გავედით მაღალმსყიდველუნარიანობის მქონე ბაზრებზე). და ეს მაშინ, როდესაც რუსული ბაზარი ყრუდ დაკეტილია. რუსეთმა რომც დაუშვას ქართული პროდუქცია თავის ბაზარზე, რამდენი იქნება აქედან შემოსავალი? დამატებით 50 მილიონი, 100 მილიონი აშშ დოლარი? და ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული 28 მილიარდ-ლარიანი ეკონომიკისთვის? ნებისმიერი ბაზარი მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსულიც. მაგრამ ის ვერ გახდება ქართული ეკონომიკის აღზევების საწინდარი. პირიქით, წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალიწინებთ, სერიოზული საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს.

დ) რამდენიმე დღის წინ შეხვდით ე.წ. ექსპერტებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ სექტემბრისთვის აპირებთ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის მომზადებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ "ექსპერტების" დიდი ნაწილი მონაწილეობას იღებდა კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაში, რომელიც ასევე მოიცავს ეკონომიკური განვითარების გეგმას, ბუნებრივად გამიჩნდა რამდენიმე კითხვა: 1) წინასაარჩევნოდ მომზადებული ეკონომიკის განვითარების გეგმა ჩავარდა? 2) თუ ჩავარდა, მაშინ რატომ თანამშრომლობთ ისევ იმ "ექსპერტებთან", რომლებმაც ძველი გეგმა მოამზადეს? 3) ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი იდეის გაჟღერება ბიზნესს ასევე აიძულებს მოლოდინის რეჟიმში ჩადგეს და დაელოდოს, რა ტიპის "განვითარების გეგმას" შესთავაზებს მას სახელმწიფო?
ეკონომიკის განვითარებას გეგმა არ სჭირდება. გეგმა შეიძლება იყოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის. ეკონომიკას სჭირდება თავისუფლება და სტაბილურობის განცდა, ორი რამ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ იკარგება უკანასკნელი თვეებია.

ე) ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაჟღერდა თქვენი გუნდის მხრიდან, რომ ელოდებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე კითხვა გამიჩნდა (ჩემი აზრით, ბუნებრივი): 1. სად აპირებთ ისეთი ინვესტორების მოძიებას, რომლებიც საქართველოში არ დებდნენ ფულს, როცა ეკონომიკა საშუალოდ 7-8%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად და ახლა ჩადებენ, როცა ეკონომიკა რეცესიისკენ მიექანება? 2. ვინ შეიძლება იყვნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც ვერ რისკავდნენ საქართველოში ფულის დაბანდებას, როცა ეკონომიკა შედარებით თავისუფალი იყო და ახლა გარისკავენ, როცა პარლამენტი სასესიო კვირას არ აგდებს ისე, რომ ახალი შეზღუდვები არ შემოიღოს და ახალი ბიუროკრატია არ შექმნას? 3. რატომ უნდა დაინტერესდეს ბიზნესმენი ისეთ ქვეყანაში ინვესტირებით, რომლის მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუარესებას პროგნოზირებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები?

ვ) ყველაზე ახალი ინიციატივა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გახმოვანდა, ე.წ. start up პროექტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაა, რადგან ასეთი ტიპის პროექტებს არ აფინანსებს საბანკო სექტორი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ფულს ეკონომიკის ეფექტურად მომუშავე სექტორიდან (თუ დარჩა კიდევ ასეთი) და რისკავს ამ ფულის ისეთ პროექტებში ჩადებას, რომლებშიც არ რისკავენ კაპიტალის დაბანდებას ბანკები. სახელმწიფო ბიუროკრატები უკეთ აკეთებენ რისკების ანალიზს თუ ამ საქმის პროფესიონალი ბანკები? და თუ ბანკები არ რისკავენ საკუთარი ფულის ამ მიზნით დაბანდებას, რატომ რისკავს სახელმწიფო? შედეგი იოლი გასათვლელია - ჰაერში გასროლილი გადასახადების გადამხდელთა მილიონები, რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედებს ნეგატიურად.
საკმაოდ გამიგრძელდა, მაგრამ დასასრულს მინდა გავკადნიერდე და რამდენიმე რჩევა მოგცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება:

  1. დაიწყეთ აღიარებით. აღიარება ყოველთვის კარგია, მიუხედავად იმისა, ნაციონალური მოძრაობა ხარ თუ პრემიერმინისტრი. აღიარეთ, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის ეკონომიკური პროგრამა იყო სრულიად უვარგისი, რადგან ემყარებოდა ზემოხსენებული "ექსპერტებისგან" და გაზეთ "ასავალ-დასავალიდან" მიღებულ ინფორმაციას. აღიარეთ, რომ ვერ აღმოაჩინეთ ელიტური კორუფცია. ასეთი ფენომენის აღმოჩენის შემთხვევაში, ეს ხომ პოზიტიურად უნდა ასახულიყო როგორც ეკონომიკაზე, ისე საბიუჯეტო შემოსავლებზე. ჩვენ კი საპირისპირო ტენდენციებს ვხედავთ. აღიარეთ, რომ ვერ იპოვეთ ის ვიღაც თუ ვიღაცები, ვინც იჯდა (ისხდნენ) საწვავის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასის წილში. აღიარეთ, რომ ვერ მოიძიეთ მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტერული გარიგებები საწვავის თუ ფარმაცევტულ ბაზრებზე, რადგან არცერთ ამ ბაზარზე 10 თვის შემდეგ არ დაფიქსირებულა ფასების ექსტრაორდინალური ცვლილება. აღიარეთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს დაწინაურება უკანასკნელ წლებში იყო რეალური წარმატება და არა ფასადური, და რომ ეს რეიტინგები მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისა და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებისთვის. აღიარეთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი დაგხვდათ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში, როგორც ეს იყო საჯაროდ გაცხადებული, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ შეძლებდით 2013 წლის ბიუჯეტის იმ პარამეტრებში დაგეგმვას, როგორც დაგეგმეთ. აღიარეთ, რომ ამორტყმული ქვითრების რაოდენობის მიხედვით ეკონომიკის წინსვლაზე საუბარი, რასაც ადგილი ჰქონდა თქვენი გუნდის წევრების მხრიდან თვეების განმავლობაში, არის ინფანტილიზმი და სხვა არაფერი. აღიარეთ, რომ თქვენი მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებული დუბაის მაგალითი და საუბარი საქართველოს მიერ ჰაბის ფუნქციის შესრულებაზე, სინამდვილეში, გილაურის გეგმაა (უბრალოდ, სინგაპურის ნაცვლად მაგალითად დუბაის ასახელებთ, თუმცა არსი იგივეა). აღიარეთ, რომ, ზოგადად, წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა უმეტესწილად იყო სწორი და წარმატებული (ბუნებრივია, შეგიძლიათ დაამატოთ, რომ კერძო საკუთრების დაცვის მხრივ იყო სერიოზული პრობლემები და, რომ პროკურატურის ქმედებები ბიზნესთან მიმართებაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს).
  2. შეწყვიტეთ ილუზორული, არარეალისტური და დამაბნეველი დაპირებების გაცემა. შეიძლება ეს მომგებიანი იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არასტაბილურობის განცდას აჩენს კერძო სექტორში, რომელიც, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეკონომიკის ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა. სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს, ან რა გათვლებს ემყარება, თქვენ მიერ რამდენჯერმე გაჟღერებული პროგნოზი, რომ პირველი წელი იქნება კარგი, მეორე უკეთესი, მესამე კიდევ უფრო უკეთესი და მეოთხე გადასარევი. ზოგადად, ეცადეთ, თქვენი, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრის, განცხადებები და ქმედებები ნაკლებ დაბნეულობას იწვევდეს.
  3. შეეშვით ეკონომიკური განვითარების გეგმების შედგენას, როგორც სტრატეგიულის, ისე ტაქტიკურის თუ ოპერატიულის. ეკონომიკას არ უყვარს გეგმები. ეკონომიკას უყვარს თავისუფლება. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად ეცდებით ეკონომიკის განვითარების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას ან განვითარების პროცესისთვის გარკვეული მიმართულების მიცემას, მით მალე წავალთ წინ და მით ნაკლებად გავფლანგავთ ისედაც მწირ დროს, ენერგიასა და ფულს.
  4. შეეშვით იმ ადამიანებთან კონსულტაციებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან "ექსპერტები", რომ მედიასაშუალებებში მათ ასეთებად მოიხსენიებენ. მესმის, რომ შეიძლება ამ ხალხის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გაქვთ, რადგან მათი უმეტესობა ღიად გიჭერდათ მხარს წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათთვის რაიმე გასართობის მოფიქრება არ გაგიჭირდებათ. ექსპერტული აზრი კი ჰკითხეთ იმ ხალხს, ვინც უზრუნველყო საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა უკანასკნელ წლებში. ეს ხალხი უნდა გყავდეთ კონსულტანტებად, ნაცვლად იმისა, რომ მათ პროკურატურაში ატარებდეთ. მოახერხეთ და დადექით პიროვნულ ფაქტორებზე მაღლა, და გარწმუნებთ. ისინი არ დაგზარდებიან რჩევასა და დახმარებას.
  5. ეფექტურად გააკონტროლეთ საკუთარი უმრავლესობა პარლამენტში. ნუ შეგეშინდებათ ისეთი კლიშეების, როგორიცაა "მორჩილი უმრავლესობა". საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის არსებობის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოდიოდეს ერთიანი და გასაგები პოზიციით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოზე. ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, არის არა დემოკრატიის ზეიმი, როგორც ეს უმრავლესობის რამდენიმე წევრს წარმოუდგენია, არამედ სრული ქაოსი. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ შეიძლება მისცეს საკუთარ თავს ასეთი ქაოსის ფუფუნება და დაკმაყოფილდეს ეკონომიკის 1-2%-იანი წლიური ზრდით. მაგრამ ჩვენთვის ასეთი მდგომარეობა დამღუპველია, ძალიან შორს ვართ ევროპული მშპ-ის დონისგან და ძალიან სწრაფად გვჭირდება ზრდა.
  6. აირჩიეთ მეტი თავისუფლება. ეცადეთ, თქვენი თუ თქვენი გუნდელის ყველა ინიციატივა მიმართული იყოს მეტი თავისუფლებისკენ და არა მუდმივად რაღაცის შეზღუდვისკენ, როგორც ეს ხდება უკვე თითქმის 10 თვეა. როგორც ერთმა გონიერმა ადამიანმა თქვა, თავისუფლება არასოდეს იკარგება ერთბაშად, მას ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ. თავისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგვასთან ერთად კი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩერდა საქართველოს ეკონომიკაც.

ეს არის მოკლედ, რისი თქმაც მსურდა ეკონომიკის პრობლემებზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ წაიკითხავთ. მაგრამ მაინც ...

პატივისცემით,

ზურაბ ჯაფარიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი

პ.ს. თუ დაგაინტერესებთ ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, შემიძლია თქვენს საპარლამენტო მდივანს მივაწოდო. თუმცა უკვე ნანახი აქვს.

კომენტარები