კოალიცია ქართული ოცნება

ივანიშვილი: ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით კოალიციად დარჩება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით კოალიციურ რეჟიმში დარჩენას აპირებს - ამის შესახებ პრემიერმა ტელეკომაპანია აჭარასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს:

"კოალიცია აპირებს დარჩეს კოალიციულ რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ამაზე კოალიციის საბჭოს რამდენიმე სხდომაზე ვისაუბრეთ კიდეც. ვერ ვხედავ ვერც ერთ პარტიას საპირისპირო განწყობით. ვფიქრობ, კოალიცია საკმაოდ შეკრულია. ჯერ არავითარი საფრთხე არ არსებობს იმის, რომ კოალიცია დაიშალოს. ეს ოდესმე მოხდება, თუმცა არც ამაში იქნება რაიმე ტრაგიკული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებაც ისაუბრა:

„საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ეს კარგად გააზრებული და გაცნობიერებული, მე არსად არ მივდივარ, მე გადავალ უფრო რთულ და საზოგადოებისთვის უფრო საჭირო პოზიციაზე. წასვლის წინ გავაკეთებ ძალიან ბევრ განმარტებას. შევეცდები, ნებისმიერი მოქალაქის კითხვას ვუპასუხო და თუ შევატყობ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნე, ან მე თვითონ დამარწმუნეს, რომ ეს არის ნაადრევი, ასეთ შემთხვევაში მე არ გადავალ სხვა სამსახურში, არ გადავალ ისე, რომ დავაზიანო ჩვენი დემოკრატიული განვითარების ტემპები", -ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები