განათლება

ლოდინის პედაგოგიკა

რაღაც ხნის წინ მასწავლებლების დიალოგს შევესწარი. თავიდან მინდოდა ჩავრეულიყავი მათ საუბარში, მაგრამ გადავწყვიტე მომესმინა, ჩამეწერა იმისთვის, რომ თქვენთვის მომეყოლა. ცხადია, მათ ამის ნებართვა ვთხოვე და წინააღმდეგი არ არიან, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ საკითხის განხილვაში. სახელები უცვლელად დავტოვე, გვარებს კი, სამწუხაროდ, ვერ გაგიმხელთ. მე აქ დაგტოვებთ და თუ ამ თემის გაგრძელებას გადაწყვეტთ, მეც და მათაც მხოლოდ გაგვიხარდება.

ნინო: რა გვეშველება? ხანდახან ვერც კი ვხვდები, საიდან უნდა დავიწყოთ. იცი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აი, მთავარი ის არის, რომ...

რუსუდანი აწყვეტინებს: ბოდიში, ნინო, ამ მთავარის ძებნა მგონი არ ღირს. ზოგი ამბობს, რომ გადამწყვეტია მასწავლებელი, ზოგი ამბობს, რომ მთავარია მოსწავლე. ზოგისთვის მთავარია პირობები, კარგი სასწავლო გეგმა, ზოგიც სახელმძღვანელოებზე ჩივის.

ნინო: კი მაგრამ, რატომ არის ცუდი ის, რაც ნამდვილად მთავარია, ვიპოვოთ?

რუსუდანი: იცი, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრით როდესაც გინდა განსაკუთრებული შედეგი მიიღო, არ ამართლებს. განათლება კომპლექსური სისტემაა და მხოლოდ ერთი ელემენტის გაუმჯობესებით იშვიათია რამე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიო. თან ამ ერთი მთავარის ძებნა საფრთხესაც კი შეიძლება შეიცავდეს.

ნინო: რას ამბობ. საშიში როგორ შეიძლება იყოს რაიმეს ძიება?

რუსუდანი: დამიჯერე. ხომ ჩამოვთვალეთ, რომ სხვადასხვა რამ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ჯგუფისთვის? ჰოდა, ხშირად ხდება, რომ ძლიერების ჯგუფი თავს ახვევს სუსტებს იმას, რაც მათთვისაა მთავარი.

ნინო: მართალი ხარ. ჩვენს სკოლაშიც ასეა. სულ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მასშტაბურად ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, მაგრამ მასწავლებლების სხვა ნაწილს და დირექციას ხშირად განსხვავებული იდეები აქვს.

რუსუდანი: რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ მნიშვნელოვანია ფართო საკითხებზე მსჯელობაში?

ნინო: რა ვიცი, მე მგონი აზრი არ აქვს, რომ მოგიყვე. რამდენიმე კოლეგამ მითხრა, ამ ყველაფერს პრაქტიკასთან საერთო არაფერი აქვსო.

რუსუდანი: მე ხომ კარგად მიცნობ. თხუთმეტი წელია რაც ერთმანეთს ვხვდებით და ასეთი საკითხები ყოველთვის მაინტერესებს. მოდი, მომიყევი, აბა, რა დაგიწუნეს.

ნინო: კარგი. ლოდინის შესახებ ვფიქრობდი განათლებაში.

რუსუდანი: ლოდინი? ლოდინი და განათლება?

ნინო: ლოდინის ირგვლივაა განათლება ხშირად მოწყობილი. გაიხსენე, რას ვპასუხობთ მოსწავლეებს, როდესაც გვეკითხებიან: „რატომ უნდა ვისწავლო, მას?". სტანდარტული პასუხია, რომ ეს ცოდნა მათ მომავალში გამოადგებათ. ანუ რაღაც დრო მოვა მათ ცხოვრებაში, რასაც უბრალოდ უნდა დაელოდონ, როდესაც ეს ყველაფერი, რასაც ისწავლიან, აზრს შეიძენს.

რუსუდანი: გურამიშვილის ფორმულა, რომ სწავლის ძირი მწარეა და კენწეროში გატკბილდება, არ არის სწორი კონცეფცია?

ნინო: მგონია, რომ საკამათო კონცეფციაა. სწავლის ძირიც და კენწეროც ტკბილი უნდა იყოს. მოსწავლემ სიამოვნება მაშინვე უნდა მიიღოს, როდესაც განათლებას იღებს და არა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ.

რუსუდანი: მართალი ხარ ალბათ. ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეების მოტივაციისთვის ესეც არის. ახლა დავფიქრდი, რას მოვითხოვთ მათგან. მათ უნდა წარმოიდგინონ, თუ როგორები იქნებიან 10-12 წლის შემდეგ იმისთვის, რომ გააცნობიერონ, რაში დასჭირდებათ ის, რასაც სწავლობენ და ამ წარმოდგენის საფუძველზე უნდა გახდნენ უფრო დამჯერები, სწავლას მოწყურებულები.

ნინო: მე უფრო ჯონ დიუის კონცეფციის მომხრე ვარ. ის ამბობს, რომ განათლება ცხოვრებისთვის კი არ უნდა ამზადებდეს, არამედ თავად უნდა იყოს ცხოვრება. ამ ფორმულით მოსწავლე არ ელის, როდის გახდება ზრდასრული, რომ რაღაც სიხარული მიიღოს. ის არ არის ჭუპრი, რომელიც ელის, რომ ოდესღაც მისგან ლამაზი პეპელა გამოიჩეკება. ის თავიდანვე ლამაზი და ჭკვიანია.

რუსუდანი: შენს კოლეგებს რომ დავუბრუნდეთ, პრაქტიკასთან რა კავშირი აქვს ლოდინს?

ნინო: წარმოიდგინე, რომ ეს ლოდინი მოსწავლის რაიმე აბსტრაქტული მდგომარეობა კი არ არის, არამედ მისი ყოველდღიურობაა. მაგალითად, ზოგი ელის, როდის გადავა შემდეგ თემაზე, რადგან ის თემა, რომელზეც ახლა უტარდება გაკვეთილები, მისთვის უკვე სხვა გამოცდილებიდანაა ნაცნობი.

რუსუდან: რას გულისხმობ სხვა გამოცდილებიდან?

ნინო: წარმოიდგინე, მე მყავს მოსწავლე, რომელსაც კითხვა უყვარს. როდესაც ნაწარმოები მივეცი ერთ კვირაში წასაკითხად, ორ დღეში დაასრულა. მეორე მოსწავლეს კი ეს ნაწარმოები წინა ზაფხულს ბიძამისმა წააკითხა.
რუსუდანი: ჰო, ასეთ შემთხვევაში ეს მოსწავლეები ხშირად ელოდებიან, როდის გადახვალ სხვა თემაზე. სხვა, რაშია ლოდინის პრობლემა?

ნინო: გაკვეთილებიც ხშირად ისეა ორგანიზებული, რომ მოსწავლეები თავის ჯერს დიდხანს ელიან – როდის გამოჰკითხავ, როდის შეძლებენ აქტიურად რამეში ჩართვას.

რუსუდან: ჰო, ესეც პრობლემაა. მაგრამ ლოდინი ყოველთვის ცუდია?

ნინო: არა, რა თქმა უნდა. ხანდახან ლოდინის არარსებობაა პრობლემა.

რუსუდანი: ოჰო, ეს რაღაც საპირისპირო მხარეს წახვედი. ხან ამბობ, რომ ლოდინია პრობლემა, ხან კი ლოდინის არარსებობა.

ნინო: ჰაჰა. მართალი ხარ, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია მეორე მხარის დანახვაც. მედალს ხომ, როგორც ამბობენ, ორი მხარე აქვს. აი, ნახე რას ვგულისხმობ: გაიხსენე, აბა, მასწავლებლის და მოსწავლის კომუნიკაციის ტიპური ნიმუში. პედაგოგი სვამს კითხვას და ცდილობს პასუხი უმალვე მიიღოს. თითქოს კითხვის დასმა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რომ ბავშვი დაფიქრდეს.

რუსუდანი: მართალი ხარ. ერთი კვლევის შესახებ ვკითხულობდი ამასწინათ. დაადგინეს, რომ თუ მასწავლებელი სათანადო პაუზას აკეთებს კითხვის დასმის შემდეგ და მოსწავლეებს დაფიქრების შესაძლებლობას აძლევს, სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენთან არათუ დაფიქრებას, არამედ აზრის დასრულებასაც იშვიათად აცლიან ადამიანები ერთმანეთს.

ნინო: ჰო, ეს ალბათ არა მხოლოდ მეთოდიკის, ზოგადი კულტურის პრობლემაც არის. დაფიქრება ხშირად ორჭოფობასთან და დამაჯერებლობის ნაკლებობასთან არის ხოლმე გაიგივებული, იმის ნაცვლად, რომ დადებით თვისებად იყოს აღიარებული.

რუსუდანი: პასუხისთვის სათანადო დროის მიცემა იმასაც ნიშნავს, რომ მოსაუბრის მიმართ მაღალი მოლოდინები გაქვს. აჩვენებ, რომ გჯერა, რომ მას შეუძლია ფიქრი. ლოდინის პედაგოგიკა უნდა შევცვალოთ ესე იგი, მაგრამ მასწავლებლებს რა შეუძლიათ?

ნინო: ლოდინი პრობლემა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა. ჩემს სკოლაში მასწავლებლებიც სულ ელიან, რომ ვიღაც სხვა გამოასწორებს ვითარებას. თვითონ ცალ-ცალკე, ან ერთად იშვიათად ცდილობენ რაიმეს შეცვლას. თავს თითქოს უძლურად თვლიან. არადა, ბევრი მასწავლებელი, რომელიც თავად იწყებს პასუხების ძიებას, სასწაულებს ყოველდღიურად ახდენს გაკვეთილზე.

რუსუდანი: მოსწავლეები რომ არ ელოდებოდნენ საკუთარ რიგს, მათი ინტერესის და დონის შესაბამის თემას, მასალას, სავარჯიშოს, ეს პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას?

ნინო: შენთვის, მათემატიკის მასწავლებისთვის ეს უფრო მარტივი იქნებოდა. მაგალითად, არსებობს ასეთი საიტი www.khanacademy.org. აქ მოსწავლეს შეუძლია, რომ მისთვის სასურველი ტემპით გაიაროს სხვადასხვა საკითხი, უყუროს ვიდეოს, გააკეთოს სავარჯიშო. შენ კი შეგიძლია დააკვირდე, თუ რას რამდენ ხანს უთმობს, რა ეშლება და ა.შ.

რუსუდანი: გადასარევია. მაგრამ ვისაც ტექნოლოგიები არ აქვს?

ნინო: ცხადია, ხანის აკადემია მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ რა შეუძლია ტექნოლოგიებს, მაგრამ მათ გარეშეც ბევრი რამ არის შესაძლებელი. მე მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ შანსს, რომ არჩევანი გააკეთონ, თუ როდის გადავლენ სხვა თემაზე, როდის შეარჩევენ ახალ ნაწარმოებს.

რუსუდანი: კი მაგრამ, შეიძლება, ყველა სხვადასხვა რამეს კითხულობდეს?

ნინო: ცხადია, საერთოც უნდა ჰქონდეთ რაიმე, მაგალითად, პრობლემა, თემა და სხვა, მაგრამ ზრდასრულები რომ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, ხომ ხშირად არის, რომ სხვადასხვა რამ გვაქვს წაკითხული, მაგრამ მაინც საინტერესოდ შეგვიძლია ურთიერთობა? მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს თავიანთი წაკითხულიდან. უყვებიან ერთმანეთს ჯგუფებში. ერთად წერენ კრიტიკას.

რუსუდანი: მართალი ხარ, არ არის ეს დაუძლეველი პრობლემა. მაგრამ იმას რომ დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ. ლოდინის პედაგოგიკის შეცვლა ხომ ვერ გამოასწორებს ყველა პრობლემას?

ნინო: გეთანხმები. ყველა პრობლემას ვერ შეცვლის, მაგრამ ნახე, რა მოხდა? ჩვენ ამ თემამ კონცეპტუალურ, მეთოდიკის და პროფესიული ეთიკის გზებზე გვატარა. თითქოს არაფერი ახალი არ გამოგვიგონია. სულ ნახევარი საათია რაც ვსაუბრობთ, და უკვე ვიცით ერთი პრობლემა, რომლის გადასაჭრელად ლოდინი არ გამოგვადგება.

კომენტარები