მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი მთავრობას: უცხოელებთან სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს

მიხეილ სააკაშვილი დავით უსუფაშვილის მიერ ესტონეთის პრეზიდენტის კრიტიკაზე გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ახლა უკვე ევროპელი პოლიტიკოსების ნათქვამის ინტერპრეტირება დაიწყო:

"არ შემიძლია არ ვუპასუხო მთავრობის ბოლო განცხადებას, რომელიც მათ პარლამენტის თავჯდომარის პირით გაახმოვანეს, რომ ესტონეთის პრეზიდენტმა როცა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას სულელები ხომ არ ვგონივართო, თურმე სინამდვილეში იგულისხმა ის კი არა, რაც თქვა, არამედ ის, როგორც ამას თურმე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აქამდე სააკაშვილი სულ გვატყუებდა და თქვენ მაინც არ მოგვტყუოთო. ჩვენი მთავრობა შეეჩვია თავისი ნათქვამების მუდმივ რეინტერპრეტირებას, მაგრამ ეს უკვე რაღაც ახალი ჟანრია - სხვა ქვეყნის ლიდერებისა და პოლიტიკოსების ინტერპრეტირება. რომელმა სერიოზულმა ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსმა უთხრა, რომ მე მათ მუდმივად ვატყუებდი? პირიქით, ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოს ჰქონდა ძალიან მაგარი საერთაშორისო რეპუტაცია", - ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, თუ ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელს ერთხელ მოატყუებ, მეორედ ის აღარ გენდობა:

"სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა არ იტყუებოდა, საქართველოს ჰქონდა ისეთი მაღალი ნდობა, რომ არჩევნებამდეც და მას შემდეგაც გვპატიჟებენ ყველა ქვეყანაში, გვხდებიან ძალიან თბილად და ტაშს გვიკრავენ. მაშინ, როცა, მინდა შევახსენო მთავრობას, მათდა სავალალოდ, საქართველოს პრემიერმინისტრი ამდენი თვეა, არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით არცერთ ევროპულ ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, უკვე ძვალ-რბილში გაჯდა საქართველოს შიგნით, რბილად რომ ვთქვათ, არასიმართლეების ლაპარაკი, მაგრამ უცხოელებთან ერთხელ თუ გაგიტყდება სახელი, მაგას სჯობია თავის გატეხვა. მე საქართველოს მთავრობას ვუსურვებდი, რომ არც სახელი გაიტეხოს და არც თავი და რაღაცნაირად დაეხმაროს ქვეყანას", - ურჩევს პრეზიდენტი მმართველ გუნდს.

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოზე რუსული რადიო კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მან საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას გაუსვა ხაზი და ქვეყანაში შექმნილი ვითარება უკრაინაში არსებულ სიტუაციას შეადარა:

"საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს და გვეუბნება, რომ ის არ იყო კანდიდატი, რადგან, თითქოს, დარეგისტრირება ვერ მოასწრო. ისინი ალბათ სულელებად გვთვლიან. მაგრამ ჩვენ სულელები არ ვართ", - ამბობს ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტი.

ილვესის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 9 ივლისს გამოეხმაურა:

"ესტონეთის პრეზიდენტი ნამდვილად არ არის სულელი. ის ჭკვიანი, გამოცდილი და კოლორიტული ფიგურაა ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს შორის. ეს ხალხი არის შოკირებული იმ საკითხებით და თემებით, რომელიც მათთვის ცნობილი ხდება წინა ხელისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მე ვხედავ ასეთ განწყობას - რამდენს გვატყუებდა მიხეილ სააკაშვილი. ამ განცდიდან და განწყობიდან მომდინარეობს მეორე განცდა და განწყობა - რამეს ახლაც ხომ არ გვატყუებენ ქართველები ასე ფუნდამენტურად? ეს შესაძლოა ემოციურად არცთუ სასურველია ხოლმე, როდესაც დაუმსახურებლად გაკრიტიკებს ან ეჭვის თვალით გიყურებს ვინმე, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ის ემოციური ფონი საკუთარ თავში გავანეიტრალოთ და დავინახოთ რაციონალური", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები