სასამართლო

სასამართლო დამოუკიდებლობა

შესავალი

ბოლო 15 წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლებამ რეფორმების არაერთი ტალღა გამოიარა. საზოგადოებაში პერმანენტულად საუბრობენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მის მიმართ ნდობის ხარისხსა და მორიგი რეფორმის საჭიროებებზე. რა პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ ბოლო ხანებში? რას ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობა და როგორ უნდა მივიღოთ უკეთესი მართლმსაჯულება?

რომის რესპუბლიკის მაგალითზე დაყრდნობით, მონტესკიე მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება დანაწილებული უნდა იყოს სამ შტოს – აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოს – შორის. მათი ურთიერთკონტროლი და შეწონასწორება გვაძლევს გარანტიას, რომ არ მოხდეს ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა.

სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა დავების გადაწყვეტა: ა) კერძო პირთა შორის; ბ) კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის. სასამართლო განმარტავს კანონს და ზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობას, რის გამოც იგი ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკოსთა მთავარ სამიზნეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების დაბალანსება გამორიცხავს რომელიმე შტოს სრულ იზოლაციას. სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის განცალკევებას და ხელშეუხებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ სასამართლო გახდება ძალაუფლების უზურპატორი, რაც სისტემის დეგრადაციას გამოიწვევს.

კორუფცია

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო წინა ხელისუფლებას, გახლდათ მართლმსაჯულების კორუმპირებული სისტემა. სასამართლოს სამივე ინსტანცია, მოსამართლეთა დაბალი ანაზღაურების პირობებში, კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. პატიოსანი მოსამართლეები (რომლებიც მარგინალებად ითვლებოდნენ), სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ და პედაგოგიური საქმიანობით ცდილობდნენ თავის გატანას. სასამართლოები ინსტანციების მიხედვით განსხვავდებოდნენ შესაბამისი ქრთამის ოდენობებით. ბიზნესის რეგისტრაცია იქნებოდა ეს, ქონების „დაკანონება", დამნაშავეთა მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება თუ სამოქალაქო დავების გადაწყვეტა – ყველა საკითხის გასაღები იყო ნეპოტიზმი და ქრთამი.

პოლიციისგან განსხვავებით, სასამართლოში კორუფციის დამარცხება უფრო რთული გამოწვევა გახლდათ, თუმცა ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა. 2005 წლიდან მოყოლებული, 20-მდე მოსამართლე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის აღების ბრალდებით, შემუშავდა ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები, გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება. შედეგად, UNDP-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 92% მიიჩნევს, რომ კორუფცია სასამართლოში პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა

იმისთვის, რათა დავადგინოთ, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, უნდა დავსვათ რამდენიმე მთავარი კითხვა:

1. ვინ და რა პროცედურით ნიშნავს და ათავისუფლებს მოსამართლეებს?

2. როგორ ხდება მოსამართლის დასჯა/წახალისება?

3. როგორია და რა წესით განისაზღვრება სასამართლოს დაფინანსება?

ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებისას ცენტრალური ადგილი უჭირავს სასამართლო სისტემის მთავარ ადმინისტრაციულ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2007 წლის რეფორმამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საბჭოს 12 წევრიდან ოთხს ნიშნავდა პრეზიდენტი, ოთხს პარლამენტი, ერთს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ საბჭოს ex officio წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ნიშნავდა პრეზიდენტი.

მოსამართლეთა დანიშვნა/გათავისუფლება და სასამართლო სისტემის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ინსტიტუციონალურად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა.

რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის საბჭო გარდაიქმნა სასამართლო ხელისუფლების ნაწილად და შეიცვალა მისი დაკომპლექტების წესი. საბჭოს ჩამოშორდნენ პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი, უწყების პირველი პირი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის წარდგინებითაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა საბჭოს მდივანსა და წევრთა უმრავლესობას. Ex officio წევრი გახდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის მიერ არჩეული სამი წევრიდან, ერთი უმცირესობის კვოტად განისაზღვრა.

ახალი ცვლილებით, საბჭოს დაკომპლექტების წესი კიდევ უფრო დაიხვეწა. მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება მიეცა ყველა მოსამართლეს, დადგინდა ფარული კენჭისყრის პროცედურა, აღმასრულებელ ხელისუფლებას ჩამოერთვა წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრებად აირჩევიან არა პოლიტიკოსები, არამედ სამართლის სფეროს წარმომადგენლები აკადემიიდან, ადვოკატთა ასოციაციიდან და არასამთავრობო სექტორიდან.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნა სასამართლო ხელისუფლების დაბალანსების საშუალებაა. არამოსამართლე წევრების მონაწილეობით მტკიცდება საბჭოს რეგლამენტი, მიიღება გადაწყვეტილება სადისციპლინო საკითხზე და ინიშნება მოსამართლე.

უნდა აღინიშნოს, რომ 6 არამოსამართლე წევრიდან, ორს პარლამენტი ირჩევს სრული შემადგენლობის ორი მესამედით, რაც მოითხოვს უმცირესობის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა უმრავლესობას შეუძლია არ დაამტკიცოს ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და ამ შემთხვევაში 2 წევრის ადგილი ვაკანტური რჩება.

ცალკე გამოსაყოფია სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი. კანონის თანახმად, სასამართლოს ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ანალოგიურ მოცულობასთან შედარებით, დასაშვებია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

პერსონალური დამოუკიდებლობა

მოსამართლესთან კომუნიკაცია

გარდასასამართლო სისტემის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა, მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს მოსამართლის საქმეში გარედან ჩარევა.

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლეზე ზემოქმედება, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

2007 წელს იქნა მიღებული კანონი „საერთო სასამართლოების მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ", რომლითაც აკრძალულია კომუნიკაცია მოსამართლესთან, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

მოსამართლის დასჯა

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

მოსამართლის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანონის არასწორ განმარტებას ან გამოსაყენებელი კანონის არასწორ შერჩევას, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები.

მიუხედავად ამისა, 2007 წლამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა მუხლი 336 – უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა, რაც გამოიყენებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. 2007 წელს აღნიშნული მუხლი ამოიღეს და მოხდა ქმედების დეკრიმინალიზაცია.

კანონის უხეში დარღვევა წარმოადგენდა მოსამართლის დისციპლინური დასჯის საფუძველს, რაც ასევე ქმნიდა პერსონალურ დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს. 2012 წლიდან აღნიშნული საფუძველიც კანონმდებლობიდან ამოღებულია.
მოსამართლის დისციპლინური დევნისთვის აუცილებელია იუსტიციის საბჭოს ორი მესამედის გადაწყვეტილება, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება იუსტიციის მინისტრის მიერ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით.

მივლინება

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, ითვლება მასზე ზეწოლის ერთგვარ მექანიზმად. 2012 წლიდან მოსამართლის მივლინება დასაშვებია მისი თანხმობით, გამონაკლის შემთხვევაში, აუცილებელია დასაბუთდეს მართლმსაჯულების ინტერესის არსებობა, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭოს სიითი შემადგენლობის (და არა სხდომაზე დამსწრეთა) უმრავლესობამ.

უვადოდ დანიშვნა

პერსონალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეს არ ეშინოდეს ვადის გასვლის, იმუნიტეტის დაკარგვის და ხელახალი დანიშვნის მოლოდინში არ გახდეს კონიუნქტურის მიმართ ლოიალური. ამიტომ 2010 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2013 წლის ბოლოდან მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებიან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

სტრუქტურული და ინსტიტუციური განვითარება

რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საქმეთა რაოდენობისა და ტერიტორიული მისადგომობის გათვალისწინებით პატარა სასამართლოთა გაერთიანება მსხვილ სასამართლოებად. ცვლილებამ შეამცირა სისტემური ბიუროკრატია, მაგალითად, დედაქალაქის ხუთი რაიონული სასამართლოს გაერთიანებით შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელიც მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოლეგიებს. ახალი სტრუქტურა არის უფრო მოქნილი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

საქმეთა დროული განხილვისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხში მნიშვნელოვანი იყო მაგისტრატი მოსამართლეების ინსტიტუტის შემოღება. ისინი წყვეტენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, აგრეთვე შედარებით მარტივ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებს.

მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა

რეფორმის ძირითადი მიმართულება გახლდათ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევისა და დანიშვნის სფეროს მოწესრიგება. 2006 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის შემდგომ, სავალდებულოა ერთწლიანი კურსის გავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. აღნიშნული მოიცავს სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში. სამართლებრივი დისციპლინების გარდა, ტრენინგი შედგება ისეთი საკითხებისგან, როგორიცაა: ეთიკა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები, სასამართლო სხდომის წარმართვის უნარ-ჩვევები, არასრულწლოვანთა პროცესის ფსიქოლოგიური ასპექტები, სამართლებრივი წერა და მეტყველება, საქმის წარმოების მენეჯმენტი და ა.შ. კურსდამთავრებული აბარებს გამოცდას და წარმატების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას ნიშნავს მოსამართლედ.

სასამართლოს მენეჯერი

სასამართლო სისტემის ადმინისტრირება და მენეჯერული უნარ-ჩვევების გამომუშავება არის რეფორმის კიდევ ერთი მიმართულება. სასამართლოს მენეჯერის ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ინსტიტუტი საშუალებას აძლევს მოსამართლეს, რომ თავისი დრო მიმართოს მხოლოდ საქმეთა განხილვისკენ, ხოლო სასამართლოს ადმინისტრირებისა და სერვისების დახვეწაზე პასუხისმგებელია მენეჯერი.

2010 წლის ცვლილებებით შემოვიდა სასამართლოს მენეჯერის ინსტიტუტი და შესაბამისი პროგრამა შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფარგლებში. სათანადო რაოდენობის წარმატებული კურსდამთავრებულებით შესაბამისი ვაკანტური ადგილების დაკომპლექტების შემდგომ, სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ სისტემის ადმინისტრირების ფუნქცია. იგეგმება სავალდებულო ტრენინგის შემოღება მენეჯერული ფუნქციების მქონე ყველა თანამშრომლისთვის.

სამწუხაროდ, იურიდიული განათლების ხარისხი საქართველოში არცთუ სახარბიელო გახლდათ. მოსამართლის კვალიფიციურობა მის დამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, კომპეტენტური მოსამართლე შეიძლება იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც პროფესიული, ისე ეთიკური თუ მიუკერძოებლობის თვალსაზრისით.

ამ კუთხით აღსანიშნავია იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც 2006 წლიდან ახალი ფორმატით შეუდგა საქმიანობას. სკოლის მიზანია, როგორც მომავალი მოსამართლეების მომზადება, ისე მოქმედი მოსამართლეების მუდმივი რეტრენინგი საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი ტენდენციებისა თუ მექანიზმების კუთხით. იუსტიციის უმაღლესი სკოლა სწავლობს განგრძობითი განათლების საჭიროებებს და თითოეული მოსამართლე წელიწადში ორჯერ გადის შესაბამის გადამზადებას, ეს მოიცავს სამართლებრივ ანალიზს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას, ცალკეული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას და ა.შ.

ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების, აგრეთვე მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2010 წელს მომზადდა უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ცალკეულ საკითხებთან მიმართებით.

მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სასამართლოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2005 წელს 16 მილიონი ლარიდან 2012 წელს 40 მილიონ ლარამდე. სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, ინვენტარი და შენობები მიუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს.

რეფორმის ფარგლებში მოხდა მოსამართლეთა ხელფასების ზრდა, რაც მნიშვნელოვანია მათი შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.

2006 წლიდან ხელფასები ყოველწლიურად იზრდებოდა და შეადგენს 2300 ლარს პირველ ინსტანციაში, 3000 ლარს სააპელაციო სასამართლოში და 4500 ლარს უზენაეს სასამართლოში.

2006 წლიდან ეტაპობრივად ჩატარდა 70-მდე სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. მოწესრიგდა დარბაზები, მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, ამ მიზნით დაიხარჯა 25 მილიონ ლარამდე.

დიდი სასამართლოების დარბაზებში დაიდგა ავტომატური აუდიოჩამწერი აპარატურა, რაც სხდომის ოქმის აკურატულად შედგენას უზრუნველყოფს. შემუშავდა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, დისტანციურად მიაწოდონ დოკუმენტები სასამართლოს, გაცვალონ ინფორმაცია და მოწესრიგებულად აწარმოონ საქმეები. აღნიშნული პროგრამა ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და უახლოეს თვეებში ამოქმედდება.

რეფორმების შედეგად:

• სასამართლო დავების განხილვის ვადები შემცირდა და საშუალოდ შეადგენს 15 თვეს სამოქალაქო საქმეებზე, ხოლო 12 თვეს სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
• გაიზარდა სასამართლოს მიმართ ნდობა, როგორც სისტემის მომხმარებლების, ისე მოქალაქეთა მხრიდან.

გამოწვევები

ყველა ის რეფორმა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, „თავისით" არ განხორციელებულა. მას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება და, ამასთან, უამრავი ადამიანის თავდაუზოგავი შრომა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, არშემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლებამ ყველა ფრონტზე ერთდროულად მიიტანა იერიში. ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად, საძირკვლიდან შენდებოდა ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები. სახელისუფლებო გუნდი იყო მონოლითური და რეფორმების ეფექტურად და სწრაფად განხორციელების მიზნით, არ მიიჩნევდა პრიორიტეტულად ხელისუფლების რეალურ გადანაწილებას. ძირითადი გამწევი ძალა იყო ჰიპერაქტიური აღმასრულებელი ხელისუფლება, რამაც მოგვცა სწრაფი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით, მაგრამ ამავე დროს დააკნინა საკანონმდებლო და სასამართლო შტოების როლი.

რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე საუბარი 2004 წლამდე არსებულ კორუმპირებულ წარმონაქმნთან შედარებით არასერიოზულია, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალანსების, მისი თვითნებობის შემაკავებლის როლს სასამართლო ვერ ასრულებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სისხლის სამართლის მიმართულება, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის გაჭიანურებამ, ახალი საპროცესო კოდექსის პროგრესული ნორმების (ფარული საგამოძიებო მოქმედებების თავი, მოწმის დაკითხვის ახალი წესი) კორექციამ გამოიწვია რეფორმის სტაგნაცია და ზიანი მიაყენა მართლმსაჯულების ინტერესებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა სასამართლომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს მიიღო, ეს ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ, როდესაც სასამართლო წარმოჩინდა, როგორც მდგრადი, თვითმყოფადი ორგანიზმი. მოსამართლეებმა გააცნობიერეს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და არა აქვთ „მორალური ვალდებულება" – ანგარიში გაუწიონ პოლიტიკურ კონიუნქტურას.

იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევნების შედეგით გაწბილებული მმართველი გუნდი უკმაყოფილებას არ მალავს, თუმცა რეფორმას მაინც წარმატებულად მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს უნდა გვიხაროდეს – ჩვენ თვალწინ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლო იბადება. ეს ყველაფერი განაპირობა: ა) ხელისუფლების არჩევნებით ცვლილებამ, რამაც დემოკრატიულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი; ბ) წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულმა რეფორმამ სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; გ) ახალი ხელისუფლების მიერ უდავოდ წინგადადგმულმა ნაბიჯმა, რამაც საბოლოოდ გაამყარა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისცა რა მას ახალი ლეგიტიმაცია და დაუდგინა გამჭვირვალობის სტანდარტი.

კომენტარები