პრემიერმინისტრი

ივანიშვილი მერიის თანამშრომელთა დაკავებების შესახებ

Georgia's newly elected PM Ivanishvili attends a news conference in Brussels
Yves Herman / REUTERS

თუ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა დაკავების დარღვევები იქნა დაშვებული, მათი გამოძიება უნდა მოხდეს. ამის შესახებ 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„თუკი ეჭვი არსებობს, უნდა დაიწეროს განცხადება და მოხდეს გამოძიება. თუ მოხდა პროცედურული დარღვევები, ვინც დაარღვია, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.  

ამავე დროს, მისი თქმით, მერიის თანამშრომელთა დაკავება „არასწორ დროს მოხდა“. „ის, რომ NATO-ს საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა მასობრივი დაკავებები, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველა პროცესის ერთი კაცისგან და ერთი ცენტრისგან მართვა არ ხდება, და ეს არის ნორმალური და კარგი“, - განაცხადა პრემიერმა.  

მისი თქმით, „ვისაც რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა აქვს“, ამის შესახებ განცხადებებით შესაბამის უწყებებს უნდა მომართოს და ამ საქმის გამოძიება მოხდება. თუმცა, პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თავად გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეფასებებს ვერ გააკეთებს.

ამავე დროს, მისი თქმით, „საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყება. ის, რომ ოპოზიცია ამას უძალიანდება და ყველაფერს მხოლოდ ყვირილით პასუხობს, საბუთად ვერ გამოდგება. თუ არის საკმარისი მტკიცებულებები, ამაზე რეაქციას გამოძიება და სასამართლო გააკეთებს“.

კომენტარები