ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზურ და ოსურ “პასპორტებზე” ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შემსწავლელი მისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემულ ე.წ. პასპორტებს იდენტიფიკაციის ვალიდურ დოკუმენტებად აღიარებს.

"საქართველოს დღევანდელი მთავრობა ფიქრობს იმ აფხაზების მიმართ დამოკიდებულების შერბილებაზე, რომლებიც რუსული პასპორტებით მოგზაურობენ. მაგრამ ეს არ შეეხება იმ პასპორტებს, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთში გაიცემა, რადგან ამით შეიძლება შეიქმნას აღქმა, რომ საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას იღებს ან მის იურისდიქციას აღიარებს. მთავრობამ ასევე გააუქმა წესები, რომელიც ართულებდა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტებით გადაადგილებას, და აღიარებს მათ იდენტიფიკაციის ვალიდურ დოკუმენტებად", - ნათქვამია ანგარიშში. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უღიარებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობა.

"საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ან პარლამენტს არ გამოუცია არანაირი ნორმატიული აქტი, რომლითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების  ვალიდურობას აღიარებს. ამდენად, ინფორმაცია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ  ე.წ. პასპორტების ვალიდურობა აღიარა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

ზაქარეიშვილის თქმით, არც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია შეცვლილა. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში, ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილმა მხარი დაუჭირა აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. "ჩვენ უნდა ვცნოთ ისინი პირადობის მოწმობებად საქართველოს შიგნით, ამ ხალხმა უნდა მიიღოს ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველა პრეფერენცია, რასაც საქართველოს მოქალაქე იღებს. მათ შორის, თავისუფალი გადაადგილება, რეგისტრაცია, პენსიის აღება, განათლების მიღება, ჯანდაცვის მომსახურების მიღება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

 

კომენტარები