დაკავებები

ივანიშვილი: მაღალჩინოსანთა დაკავება ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი არაა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავება ადასტურებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არიან და ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ. ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების აყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი ხელისუფლებისთვის "მაინცდამაინც მომგებიანი" არ იყო. 

"ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ უგულავას იმ პლატფორმაში გადააქვს ყველაფერი, თითქოს ესაა პოლიტიკური დევნა. მე კიდევ პირიქით ვიტყოდი – გუშინდელი ფაქტი ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ პირადად მე, როგორც მთავრობის მეთაური და პოლიტიკური ჯგუფი არ ვმართავთ სამართალდამცავი სტრუქტურების ყოველდღიურ პროცესებს. ეს მათ ჰქონდათ ასეთი მანერა და ასე ჰგონიათ ახლაც - ყველა თავისი გადმოსახედიდან იყურება. გუშინდელი დაკავებები, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ჩვენთვის არ იყო სასარგებლო და თუ კარგ ანალიზს გავაკეთებთ, ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ ვკარნახობთ და მე არ ვკარნახობ. სამართალდამცავი სტრუქტურები მოქმედებენ კანონის შესატყვისად და იმის მიხედვით, რა არის საჭირო იმ დღეს, არ უყურებენ პოლიტიკოსს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროცესი, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე პოლიტიკოსებმა აღარ გადაწყვიტონ, კიდევ უფრო გამკაცრდება.

"გასაგებია, რომ კითხვები დაისვა და ახალი ხელისუფლებისთვის ეს არ იყო მაინცდამიანც მომგებიანი, მიუხედავად ამისა, ეს ისე განვითარდა, როგორც ჩათვალა საჭიროდ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და არა როგორც ჩავთვალე მე და პოლიტიკურმა ხემძღვანელობამ. ეს ხაზს უსვამს, რომ სხვანაირი სახელმწიფოა დღეს საქართველო და არ არის იმ ტიპის, როგორიც იყო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. კიდევ გამკაცრდება ეს პროცესი, რომ ყველა გააკეთებს თავის საქმეს და პოლიტიკური გუნდი არ გადაწყვეტს ყველაფერს. გუშინდელი ფაქტი არის სამტკიცი იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ისინი აკეთებენ საკუთარ საქმეს", - აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, თუ კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის მაღალჩინოსანთა დაკავების და დაკითხვის პროცესში პროცედურული გადაცდომები დაფიქსირდა, შეუძლიათ "დადონ მაგალითები, იჩივლონ და სიმართლეს სასამართლო დაადგენს".

კომენტარები