ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: მერიის მაღალჩინოსნებმა 50 მილიონი ლარი გაფლანგეს

ფინანსთა სამინისტრო
www.facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით 50 მილიონი ლარი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით განხორციელდა. ბრიფინგზე გამოძიების პროცესში მოპოვებული ვიდეომასალაც წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიის მოხელეები, დავით ავალიანი, გიორგი გოდაბრელიძე და ანდრო ალავიძე ბანკომატის მომსახურებით სარგებლობენ.

"საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობს ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს, რომლის ფარგლებში დაწყებული გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფება მიმალვაში, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და სავარაუდოდ მითვისებული.

გამოძიების პროცესში მოპოვებულ ვიდომასალების მიხედვით, დედაქალაქის მერიის მოხელეები განსაკუთრებული აღტყინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზირებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც პასუხიმგებლობიდან თავის არიდების მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ.

რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფი პირების პრეტენზიებს პროცესთან დაკავშირებით, უფლებამოსილი ორგანოები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.

თავად საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმის თაობაზე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები