NATO-ს გენერალური მდივანი

რასმუსენი: დემოკრატია უმცირესობის პატივისცემას ნიშნავს

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ სასამართლომ არ უნდა ჩაანაცვლოს ხალხის ნება პოლიტიკური პარტიების არსებობასთან დაკავშირებით.

ტაბულას კითხვას - რას ფიქრობს იმაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის გაქრობას და "პოლიტიკურ მოუსავლეთში" წასვლას ითხოვენ, უმცირესობის წევრების დაპატიმრებების ფონზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა ასეთი პასუხი გასცა: 

"მე თვითონაც პოლიტიკოსი ვიყავი და გულწრფელად რომ გითხრათ, გამომითქვამს სურვილი, რომ ესა თუ ის პარტია გამქრალიყო. მაგრამ სინამდვილეში ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ჩამოყალიბებული დემოკრატიის საფუძველი ის არის, რომ სასამართლომ და სასამართლო პროცესმა არ უნდა ჩაანაცვლოს პარლამენტი და ხალხის ნება. ხალხის გადასაწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ძალას აირჩევს პარლამენტში, ხალხის გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოლიტიკურ კულტურასაც უკავშირდება. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნამდვილი დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ უმრავლესობის მმართველობა. ნამდვილი დემოკრატია პოლიტიკური უმცირესობის პატივისცემასაც ნიშნავს. ნამდვილი დემოკრატია დიალოგს და კოაბიტაციას გულისხმობს", განაცხადა რასმუსენმა. 

კომენტარები