NATO-ს გენერალური მდივანი

რასმუსენი: სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი

facebook.com/andersfoghrasmussen

სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე კომენტირებისას. ალიანსის გენერალური მდივანი დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში სტუდენტებს შეხვდა.  

"გარეშე დამკვირვებელს შერჩევითი მართლმსაჯულების მცირედი აღქმაც კი არ უნდა ჰქონდეს. კორუმპირებული და დამნაშავე მაღალჩინოსნები პასუხს უნდა აგებდნენ. ამის ხაზგასმა მინდა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არასდროს უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი. საქართველოს ხელისუფლება ერთგულია იმ ჯეროვანი პროცესის მხარდაჭერის, რასაც ჰქვია პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს ეს საბაზისო ღირებულება. მე ვენდობი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მჯერა, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით იზეიმებს კანონის უზენაესობა. მოხარული ვიქნებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე სთხოვდეს იმ სტანდარტების შესრულებას, რაზეც ვლაპარაკობდი", - განაცხადა რასმუსენმა.

გენერალურმა მდივანმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების ძალიან ყურადღებით თვალყურის დევნებას ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები და მისი სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ. მაგრამ, დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება. დემოკრატია აღემატება იმას, რასაც ჰქვია უმრავლესობის მართვა. ჩამოყალიბებული დემოკრატია გულისხმობს იმის დემონსტრირებას, რომ პლურალიზმი, პოლიტიკური კოაბიტაცია, ტოლერანტობა და უმცირესობათა უფლებების დაცვა ძალიან ძლიერად ფესვგადგმული მოვლენაა. საქართველომ წინ წაიწია მრავალი მიმართულებით თავისი დემოკრატიის განვითარების გზაზე და ქვეყანა ძალიან დაუახლოვდა NATO-ს. ტვირთი, რა თქმა უნდა, თქვენს მხრებზე ჯერ კიდევ არის, რომ განახორციელოთ დემოკრატიული რეფორმები, მაგრამ, როდესაც თქვენ ამას გააკეთებთ, ეს ტვირთი ჩვენზე გადმოვა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილით ჩვენი დაპირება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა იქნას განხილული მხოლოდ სამხედრო პრიზმაში.

"NATO არის იმ ფასეულობების საზოგადოება, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის ერების ოჯახი, რომელსაც სწამს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის. საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ მეტია კიდევ გასაკეთებელი. მაგალითად, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ მიმართულებით მუშაობა, რომ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი იქნას დაკმაყოფილებული - აი, ეს კი იწყება პოლიტიკური კომპრომისებიდან და პოლიტიკური დიალოგიდან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო კურსის შესახებ დოკუმენტის მიღებას. 

გენერალურმა მდივანმა 17 მაისის მოვლენების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. რასმუსენის თქმით, უმცირესობების უფლებების პატივისცემა არის უმნიშვნელოვანესი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"მინდა ხაზი გავუსვა უმნიშვნელოვანეს საკითხს - ტოლერანტობას. 17 მაისს, თბილისის ქუჩებში დატრიალებულმა ძალადობამ, კიდევ ერთხელ მათქმევინა, რომ ამას ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ აქვს. მშვიდობიანი თავყრილობის უფლება, თავისუფლად აზრის გამოხატვა, დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. რადგან ვიცავთ კანონის უზენაესობას, თავისუფლების ღირებულებებს, NATO ასევე იცავს ადამიანთა უფლებებს უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. აღნიშნული ღირებულებები დასავლური არ გახლავთ, ეს საყოველთაო ღირებულებებია და მათი პატივისცემა არის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენმა NATO-რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. გენერალური მდივნის თქმით, მისთვის ხშირად გაუგებარია, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ. 

"ძალიან ხშირად არ მესმის, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ  და რატომ. მართალი გითხრათ, კრემლში ძველმოდურად ფიქრობენ, ცივი ომის ფილოსოფიით ხელმძღვანელობენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობა გვინდა არსებობდეს რუსეთთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ NATO-რუსეთის საბჭო და ამ საბჭოს ფარგლებში ვაწარმოეთ დიალოგი რუსეთთან და წინაც წავიწიეთ. ხანდახან ძალიან უხეში რიტორიკა გვესმის რუსეთიდან. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამბიციაა, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობები NATO-სა და რუსეთს შორის", - განაცხადა რასმუსენმა. 

 

 

კომენტარები