ბიძინა ივანიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა: პრემიერის განცხადებაში ახალი არაფერია

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგი თანამდებობას დატოვებს, მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

"როცა (ივანიშვილი) მოვიდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებას მოაცილოს კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ეს პროცესი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების დროს და იმედია, ოქტომბერში დამთავრდება. ალბათ, ბატონი ბიძინა მიიჩნევს, რომ ამით მისი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მოიხადა", - აღნიშნა საგანელიძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას დიდხანს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ გააჩნია. "მისი პირველივე განცხადება, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა, ასეთ შინაარსს შეიცავდა. ამიტომ რაიმე მოულოდნელი, პრემიერმინისტრის ამ განცხადებაში, პირადად ჩემთვის, არაფერი ყოფილა. რეალურად რა მოხდება, როგორ მოხდება, როდის მოხდება, ამ თემაზე მარტო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. ასეთი ტიპის საკითხების განხილვა კოალიციურ რეჟიმში უნდა მოხდეს და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ასე მოხდება", - განუცხადა ინტერპრესნიუსს ძიძიგურმა. 

მისივე შეფასებით, პროცესების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ქართული ოცნების მიერ მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებას და დასახული გეგმის განხორციელებას "არცერთ ვარიანტში არაფერი დაემუქრება". "ჩვენ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არც ვაპირებთ რაიმეს სხვანაირად გაკეთებას", - დასძინა ზვიად ძიძიგურმა. 

კომენტარები