ვიდეოჩანაწერები

ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველა პირს პატიმრობა შეფარდებოდა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულის, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ადვოკატი ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. 

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ.

"ბრალდების დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ ყველა დაკავებული პირის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ დანაშაულში სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს", - აღნიშნა პროკურორმა. 

ერთ-ერთი დაკავებული, რომელმაც გუშინ მოდულის შენობაში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში იმყოფება და დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდა.

დაკავებულ პირებს ბრალი წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვთ წაყენებული. 

პროცესი მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაპირველად ღია იყო, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები დააკავეს.

კომენტარები