საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: არ მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ

"ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ევროპის გზას დაადგეს. ამ მიზნის განხორციელება ოცდაორი წლის წინ დავიწყეთ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა. თუმცა, ბევრი პრობლემის, მათ შორის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ამ პროცესის გაგრძელება ახლაც გვიწევს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა BBC-ისთან ინტერვიუში

უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილის მთავრობამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ბევრი პრობლემა მაინც რჩება. 

ჟურნალისტმა ჰკითხა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ როგორ პასუხობს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების კითხვებს ოპოზიციის დაკავებასთან და პოლიტიკური დევნის აღქმასთან დაკავშირებით. უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველა დაინტერესებულ მხარეს სასამართლო პროცესის მონიტორინგში ჩართვისკენ მოუწოდა.

"9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მისი მეგობრები ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ ახალ მთავრობას ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. ჩვენ უამრავი მოქალაქის საჩივარი გვაქვს, რომლებიც ჩივიან, რომ ჩამოართვეს კერძო საკუთრება, რომლებიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და აწამეს ციხეში. მე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, ეს პროკურატურისა და სასამართლოს გასარკვევია, კონკრეტულად ვინ დირიჟორობდა ამ სისტემურ პრობლემებს. მეორე მხრივ, არცერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტის გარანტი. ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, დადგება დღე, როცა ჩემს ადგილას სხვა ადამიანი იქნება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე რაიმე დანაშაული ჩავიდინე თავმჯდომარეობისას, დაუსჯელი უნდა დავრჩე.

ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. ეუთოსა და ODHIR-ისგან მოვითხოვეთ მონიტორინგის მისია, რომელიც სასამართლო პროცესებს დააკვირდება. ჩვენ ვთხოვეთ ევროკავშირს და მათ გამოგვიგზავნეს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანის უფლებების დამცველი თომას ჰამერბერგი, რომელიც უმაღლესი კომისარი იყო ადამიანის უფლებების მხრივ ევროსაბჭოში. ის უამრავ დროს ატარებს საქართველოში და ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებით, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიით, ჩამოვიდნენ და თავად განსაჯონ ყველაფერი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ჟურნალისტმა უსუფაშვილს სააკაშვილის დაკავების შესაძლებლობის შესახებაც ჰკითხა. უსუფაშვილის თქმით, მისი აზრით, სააკაშვილს არ დააპატიმრებენ.

"არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა და გასაჯაროვდა. მათ შორის - უამრავი თანხის გაფლანგვის ამბავი. ჩვენ დაინტერესებული ვართ ვმართოთ უკეთესი ქვეყანა და წავიყვანოთ ის NATO-სკენ, ევროკავშირისკენ, გადავჭრათ სოციალური პრობლემები, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი გაჭირვებულია. ასე რომ, ჩვენს ინტერესებში არ შედის ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალმდებლებად ყოფნა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ქვეყანის სათავეში ვართ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

 

კომენტარები