მოდა

სამყარო შავი არ არის

ინტერვიუ ჯანი ფონტანასთან

მისი მოდით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო. დედამისი, ისევე როგორც ბებია, მკერავი იყო. როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდა, ხშირად მიდიოდა ამ უკანასკნელთან და უყურებდა, როგორ მუშაობდა. შემდეგ ქსოვილებით, მაკრატლით და მსგავსი ნივთებით თამაშს იწყებდა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში მარკეტინგისა და კომუნიკაციის მეცნიერებას სწავლობდა, თუმცა ბავშვობის სიყვარულის დავიწყება მაინც ვერ შეძლო და პროფესიასთან მისი სინთეზის შედეგად მოდის სამყაროში აღმოჩნდა.

მოდის კონსულტანტი მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროში, ჯანი ფონტანა, საქართველოს თბილისის მოდის კვირეულზე დასასწრებად ეწვია. მოდის მოყვარულებისთვის ის, უბრალოდ, Style Buff-ის ავტორია – მუდამ მომღიმარი იტალიელი ბორსალინოს ქუდით და სტილის კარგი შეგრძნებით. ფონტანას წარმოდგენა ქუდის გარეშე საკმაოდ რთულია, თუმცა თბილისში მისი ტარება ვერ შეძლო – ქარიანი ამინდის გამო.

იმას, რომ იტალიაში მოდის ინდუსტრიაში მისი აზრი გავლენიანად ითვლება, ინტერნეტის დამსახურებად მიიჩნევს. „ცნობილი მხოლოდ მოდის სამყაროში ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლოგინგი და სოციალური ქსელები პოპულარული გახდა, სხვა ქვეყნებშიც გამიცნეს. უამრავი ადამიანი მწერს მოდის, ფერების შეხამების, ქსოვილების შესახებ. Style Buff ერთგვარი moodboard-ია. ის მხოლოდ მამაკაცებისთვისაა. ესაა ადგილი, სადაც შეიძლება შთაგონება გეწვიოს იმისგან, როგორ იცვამენ მამაკაცები, ცხადია, იტალიური თვალსაზრისიდან გამომდინარე". ფონტანას იტალიური სტილის მოკლე და უბრალო განსაზღვრება აქვს – ეს არის იმის ცოდნა, როგორ შეუხამო რაღაც კლასიკური მოდურს.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მასტერკლასზე ჯანი ფონტანამ იტალიის მოდის ინდუსტრიის ევოლუციაზე ისაუბრა. „იტალიაში არტიზანული ხელოვნება კარგადაა განვითარებული. ჩვენ ბევრი მკერავი გვყავს, განსაკუთრებით კი სამხრეთში, ვინც ამ ტექნიკას ძალიან კარგად ფლობს. გვაქვს ქსოვილის მწარმოებელი ქარხნები. ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემი მთავარი რჩევა იქნება ხარისხი გააუმჯობესოთ – ვგულისხმობ წარმოებას. ქართველი დიზაინერების ახალ კოლექციებში ვნახე პიჯაკები, შარვლები, რომლებიც არც ისე კარგადაა შეკერილი".

ყველაზე მეტად გული იმაზე დაწყდა, რომ კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებში ვერ დაინახა მინიშნებაც კი ქართულ ტრადიციებსა და ისტორიაზე: „ის, რაც თბილისის მოდის კვირეულზე ვნახე, შემიძლია ასევე ვნახო მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მერჩივნა, აქ თქვენი ქვეყნისთვის რაღაც უფრო დამახასიათებელი და ავთენტური ყოფილიყო".

მიუხედავად ამისა, ჯანი ფონტანა ქართული მოდის პოტენციალს დადებითად აფასებს: „ჩვენებები, რომლებიც კვირეულზე ვნახე, მაფიქრებინებს, რომ არსებობს წინსვლის სურვილი, დიზაინერებიც ნიჭიერები არიან. რა თქმა უნდა, აქ არ არის ხარისხის ის დონე, რომელიც არსებობს იტალიასა და საფრანგეთში. მიმართულება ძირითადად სწორია, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტად იყოს საჭირო დეტალებზე ყურადღების გამახვილება.

მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის არ არის საკმარისი, გყავდეს კარგი დიზაინერები. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ფინანსური მენეჯმენტი და პიარი, არსებობდეს ბაზარი და სათანადო ინდუსტრია. მსოფლიოში კონკურენცია ძალიან ძლიერია – სხვა ქვეყნები უკვე ძალიან წარმატებულები არიან. რთულია მოდის ქვეყანა გახდე, როდესაც არსებობს მილანი, პარიზი, ნიუ იორკი... იტალიაში პირველი მოდის კვირეული 1951 წელს ჩატარდა და დიდი დრო გვქონდა განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, უნდა დაპატიჟოთ მეტი უცხოელები, მაგრამ დღეს სოციალური ქსელებითა და ინტერნეტითაც ბევრის მიღწევა შეიძლება – ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

რაც შეეხება მენეჯმენტს, ის შესანიშნავია, თუმცა არსებობს ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, მოდელები სიარულის დროს არ უნდა დგებოდნენ სამოსზე. არც ის შეიძლება, რომ ჩვენებაზე ერთი მოდელის სიმაღლე იყოს 180 სმ და მეორესი კი – 20 სმ-ით ნაკლები. გჭირდებათ მეტი პრაქტიკა და გამოცდილება, რაც სხვა ქვეყნების მაგალითზეც შეიძლება მიიღოთ".

ფონტანაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ავთანდილის ჩვენებამ მოახდინა. „ძალიან მომეწონა, შესაძლოა იმიტომაც, რომ კოლექცია ფერადი იყო (ეღიმება). ნათელია, რომ ის მაღალი დონის დიზაინერია. მომეწონა „ატელიე მატერიას" ჩვენებაც. ზოგადად, კვირეულზე ვნახე ძალიან დიდი დოზით შავი ფერი. სამყარო შავი არ არის, ის ბევრი ფერისგან შედგება, ამიტომ საჭიროა მეტი მრავალფეროვნება. არ ვიცი, შესაძლოა თქვენი ბაზარი უფრო ამ ფერზეა ორიენტირებული".

ფონტანას მიაჩნია, რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მოდის სამყაროსთვის ისაა, რომ ყველა სოციალურ ფენას „მიწვდეს" და ყველას მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ფიქრობს, რომ მომავალში მოდა ალბათ კიდევ უფრო გლობალური გახდება, რადგან ინტერნეტის საშუალებით მასებზე არა მხოლოდ ცნობილი გამოცემები, არამედ ბლოგერებიც დიდ გავლენას მოახდენენ. მოდის დემოკრატიულობაზე ორიგინალური შეხედულება აქვს: „თუ შეგიძლია ატარო ის, რაც მოგწონს, ის დემოკრატიულია. თუ მოდა გაიძულებს გეცვას ისე, როგორც არ მოგწონს, მაშინ ის არ არის დემოკრატიული. ამიტომ, მოდას სტილს ვამჯობინებ – ის პირადულია"...

 

კომენტარები