სასტუმრო „რედისონში“ მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორიო ორგანიზაცია აკვირდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები ახალი წესით უნდა აირჩიონ. არჩევნები ფარული კენჭისყრის წესით ჩატარდება. საჭიროების შემთვევაში ჩატარდება მეორე ტურიც.
მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა გახსნა. არჩეულია ხმის დამთვლელი კომისია სამი მოსამართლის შემადგენლობით. შემდეგი დღის წესრიგში მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატან ცვლილებების დამტკიცებაა.
კუბლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა მოსამართლეებს, რომ საერთო პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი დარჩნენ. ერთ-ერთ მთავარ პრინციპულ საკითხად მან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი გამოყო, რომელიც მომავალში უნდა ამოქმედდეს. კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა პრინციპულობამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ ახალი ხელისუფლებები მათ დამოუკიდებლობას ვერ შეარყევენ. გარდა ამისა, კუბლაშვილი სიტყვით გამოსვლისას შეეხო მართლმსაჯულების ხარვეზების დასადგენად ხელისუფლების გახმოვანებულ გეგმასაც და განაცხადა, რომ არავის უნდა მიეცეს უფლება, რომ "რაღაც კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნით ე.წ. ხარვეზიანი გადაწყვეტილებების გამო მოსამართლეთა დასჯა მოხდეს". მისი თქმით, ამ მიმართულებით დაუშვებელია, მოსამართლეთა თუნდაც სადისციპლინო წესით დასჯა.
რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაასახელებენ. კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხრა მოსამართლე წევრიდან აირჩევს შვიდს. დღის წესრიგის თანახმად, კონფერენციამ უნდა აირჩიოს სადისციპლინო და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებიც.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა. ის სასამართლო სისტემის ადმინისტრირების უმთავრესი რგოლია. საბჭოს კომპეტენციებში შედის მოსამართლეთა დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. იგი 15 წევრისგან შედგება, სადაც უმრავლესობას - 9 წევრს მოსამართლეები შეადგენენ. არამოსამართლე 6 წევრს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.





