საქართველოში ლიტველი ბიზნესმენის საულიუს ვაიტკიავიჩუსის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 მაისს თბილისის აეროპორტში ბიზნესმენის დაკავება უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისას კანონით დადგენილი ყველა საპროცესო მოთხოვნის დაცვით მოხდა.
პროკურატურის მტკიცებით, ხსენებული მოთხოვნების შესაბამისად, ვიატკიავიჩუსს საშუალება მიეცა, საკუთარი მობილური ტელეფონით დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა ადვოკატ ირაკლი ყანდიაშვილს და დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ ეცნობინებინა.
პროკურატურისვე განცხადებით, უცხოელის დაკავების თაობაზე შეტყობინება, წესისამებრ, ელექტრონულად გაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. დროებით იზოლატორში შეყვანისას კი დაკავებულს თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის საშუალება მიეცა.
"გარდა ზემოაღნიშნულისა, საულიუს ვაიტკიავიჩუსს, დროებითი დაკავების იზოლატორში მიყვანისთანავე, მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გასაუბრებოდა ახლობლებს (რაც არ არის პროცესის მოთხოვნა) და ბრალდებულის სურვილის შესაბამისად, ამჯერად იგი დაკავების დეტალებზე ესაუბრა მეუღლეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენის დაკავების შემდეგ, სააგენტო BNS-ზე დაყრდნობით, ლიტვურმა ინტერნეტგამოცემა Delfi-მ გაავრცელა მისი მეუღლის ვაივა ვაიტკიავეჩენეს კომენტარი, სადაც ის განსხვავებულ ვერსიას ყვება:
"მან შეძლო ადვოკატთან დარეკვა და იმის თქმა, თუ რომელ საგამოძიებო იზოლატორში მიჰყავთ. მაგრამ იქ მისულ ადვოკატს უთხრეს, რომ ასეთი ადამიანი იქ არ იმყოფება. ქალაქში ყველა საგამოძიებო იზოლატორი შეამოწმეს, მაგრამ ჩემი მეუღლე ვერსად ნახეს. აეროპორტის სამსახურებიც ვერ ადასტურებდნენ, რომ ეს ადამიანი დაკავებულია. 11 საათამდე არ ვიცოდით, რა ხდება", - ამბობს ვიტკიაივეჩენე სააგენტოსთან საუბრისას.
მისივე თქმით, მან დახმარებისთვის საქართველოში ლიტვის საელჩოს მიმართა. ბიზნესმენის მეუღლის მტკიცებით, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ადვოკატის გარეშე დაიკითხა, მისთვის რაიმე ბრალი არ წაუყენებიათ. "ფორმულირება მარტივი იყო - მან უნდა მოიფიქროს, როგორ იყო დაკავშირებული ძველ ხელისუფლებასთან", - ამბობს ბიზნესმენის მეუღლე. მისი თქმით, როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს, გამოძიება ყოფილ მთავრობასთან და ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან, ლიტველ დარიუს იურგელიავიჩუსთან, მისი კავშირებით დაინტერესდა.
პოპულის სუპერმარკეტების ქსელის ყოფილი მფლობელი საულიუს ვაიტკიავიჩუსი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვაშია ბრალდებული.





