როგორც რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი ამბობს ''მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება- ნიშნავს შეხვიდე სულიერ სამყაროში. თავისუფლება ეს სულის თავისუფლებაა..''. თავისუფლების ამ გაგებით საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და ყოფილი პრემიერმინისტრი ივანე მერაბიშვილი შესაძლოა ეხლაც თავისუფალია, თუმცა მატერიალისტურ, რეალურ სამყაროში ის დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანია რომელსაც ბრალად ედება კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სხვისი ქონების მიტაცება, მშვიდობიანი აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევები და როგორც პროკურატურამ დაანონსა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში თანამონაწილეობა და დანაშაულის დაფარვა. აღსანიშნავია რომ ეს ყველა ბრალდება ახალი არ არის და ეს ყველა ბრალდებების სახით ისმოდა სააზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილისგან და განსაკუთრებით ყოფილი ოპოზიციისგან რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მთავრობაშია. მაგრამ ვფიქრობ აქ ყველაზე მთავარი არა თვითონ დაკავების ფაქტი არამედ მანამდეც და ამის შემდგომაც შექმნილი სიტუაციაა.

მართლაც საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. ივანე მერაბიშვილის დაპატიმრება გაეხარდა არამარტო ქვეყნის იმ ნაწილს რომელთა აზრითაც მას ძალიან ბევრი სხვადასხვა დანაშაული აქვს ჩადენილი არამედ მის თანაგუნდელებსაც. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ლამის უბრალოდ ზრდილობის გამო ისაუბრა ამ თემაზე და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა რომ გაცილებით დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა ვანუატუს ჯანდაცვის რეფორმაზე ვიდრე მისი პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრებაზე. ზოგადად არჩევნების შემდგომ ხშირი იყო საუბარი ნაციონალური მოძრაობის დაშლაზე, თუმცა ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ამტკიცებდა რომ ეს ყველაფერი ჭორები იყო და ისინი ისეთი ერთიანები იყვნენ როგორც არასდროს, ხოლო მეორეს მხრივ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმოამდგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებდა რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა იყო ყოფილი მმართველი პარტიის არ გაქრობა პოლიტიკური ასპარეზიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სხვა არაფერია თუ არა კეთილი სურვილი იმისა რომ დაირღვეს საქართველოში ჩამოყალიბებული სამწუხარო ტრადიცია როდესაც არჩევნებში დამარცხებული ყოფილი სახელისუფლებო პარტია ან ახალ ხელისუფლებას ერწყმოდა ან ქრებოდა პოლიტიკური ასპარეზიდან როგორც ეს მაგალითად პარტია ''მოქალაქეთა კავშირის'' შემთხვევაში. ანუ მკაფიოდ გამოიხატა ახალი ხელისუფლების სურვილი არ მიეღოთ თავიანთ რიგებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ერთობას აქ როგორც ზემოთ აღინიშნა საინტერესო ვითარებაა შექმნილი.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო საუბრები იმის შესახებ რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება იყო და ამ ხმებს ხელი მაშინდელმა საკადრო გადაადგილებებმა შეუწყო ხელი. არჩევნების შემდგომ პოლარიზება გუნდის წევრებს შორის უფრო მკაფიო ყოფილი თავდაცვის და ყოფილი შინაგან მინისტრის ბაჩო ახალაიას დაპატიმრებამ გახადა. შეიქმნა შთაბეჭდილება რომ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს, როგორც ივანე მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას ასევე მიხეილ სააკაშვილს სურდათ ბაჩო ახალაიას ეგოს პასუხი იმ ყველაფერზე რაზეც კი შეიძლებოდა საუბარი ჰყოფილიყო. ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის რომ ახალაიას ირგვლივ შეიკრიბა გუნდი, მისი პარტიული და პოლიტიკური მეგობრები. მოხდა მკვეთრი დაპირისპირება ივანე მერაბიშვილთან რამაც ამ გუნდს პოლიტიკური კონტურები შესძინა. ანუ როგორც ჩანს ახალაიას გუნდი უკვე ცალკე პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება რომლის ბოლო მკაფიო დადასტურებად შეგვიძლია მათ მიერ ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად განმუხურში გამართული ხალხმრავალი შეკრება მოვიყვანოთ რომელსაც მკაფიო პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდა.

დაახლოებით იგივე პროცესი მიდიოდა აქამდე ივანე მერაბიშვილთან და მის პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით. 19 აპრილს გამართულ ოფიციალურად ევროპული ღირებულებების, კურსის დასაცავმა და რეალურად ნაციონალური მოძრაობის მიტინგმა რომლის წინაც მერაბიშვილი აცხადებდა რომ 19 აპრილს იწყებოდა ყველაფერი, უფრო მკაფიო გახადა მისი ამბიციები. მიტინგზე სადაც მას სურდა მთავარი მომქმედი პირი ჰყოფილიყო ყველასათვის მოულოდნელად პრეზიდენტი სააკაშვილი მივიდა რამაც ის ისევ ჩრდილში და უკვე ცალკე დატოვა. მისმა დაპატიმრებამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. მისმა მზარდმა პოლიტიკურმა ამბიციებმა მკაფიო ხაზი გაავლო როგორც ახალაიასთან ასევე დანარჩენებთან.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში მესამე პოლიტიკურ გუნდს, ესაა ბოკერია და მისი ე.წ. ლიბერალური ფრთა. მართალია მათზე მუდამ არის საუბარი მაგრამ როგორც ჩანს ისინი დამოუკიდებლად პოლიტიკურ ცხოვრებას არ აპირებენ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იქნებიან წარმოდგენილნი. მსგავსად შეიძლება განვიხილოთ ბაქრაძე თავისი საპარლამენტო გუნდით. გამოდის რომ სიტუაცია გარკვეულწილად რევოლუციამდელ სიტუაციას ემსგავება თეორიულად, სადაც შექმნილი იყო სააკაშვილის, ჟვანიას და ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდები. მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტიკური ცენტრია რომელიც დღეს უკვე არ ერევა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდაგადარჩევის პროცესში და მოლოდინის რეჟიმშია. რომლის მიზანი ერთდროულად არის პოლიტიკური ბალასტის მოშორება და პერსპექტივაზე ორიენტირებული განახლებულ, მკაფიო იდეოლოგიურ საფუძველზე დამყარებული პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბება. შეიძლება ვთქვათ რომ სააკაშვილი ცდილობს პოლიტიკოსების პერსონალური მხარდაჭერის სინთეზს იდეოლოგიურ მხარდაჭერასთან, ეს კი პერსპექტივის ჭრილში მომგებიანი გათვლაა და ცხადს, ლოგიკურს ხდის მის დისტანცირებას ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა ომისგან.

რასაკვირველია ძნელია ითქვას რომ ყოველივე ზემოაღნიშნული 100%-ით ესე არის და ესე მოხდება, თუმცა ფაქტია რომ ყოველივე ზემოაღნიშნულს ფაქტობრივი, ლოგიკური საფუძველი აქვს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე დღეს ერთი კითხვა ისმება, გამომდინარე იქიდან რომ ეს ყველაფერი ერთდროულად ჰგავს ე.წ. ფრონტის გაშლასაც და მათ დაშლასაც, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში?! დღეს კი მკაფიო მხოლოდ ისაა, რომ ერთი რამ ცხადია საქართველოში ძალიან საინტერესო და აქტიური პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი იწყება რომელიც ქართული დემოკრატიისთვის ჟანგბადის ტოლფასია, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია ''ქართული ოცნებისთვის'' დიდი გამოწვევა.

 

კომენტარები