პარტიული სისტემები

საქართველოს პარტიული სისტემის მომავალი

1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საქართველოში აღდგა დემოკრატიული პოლიტიკური წყობაც. ბუნებრივია, ამის შედეგი იყო პოლიტიკური პარტიების სისტემის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს სისტემა არსებითად განსხვავდება, როგორც 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის, ისევე თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესობის პარტიული სისტემებისგან.

1918-1921 წლებში ქართული პოლიტიკური პარტიები ეფუძნებოდნენ სხვადასხვა კონკრეტულ იდეათა სისტემებს. ძირითადი პარტიები იყვნენ: „სოციალ-დემოკრატები", ანუ ე.წ. მენშევიკები, რომელთაც შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატები, რადგან სოციალისტების ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარიზმის მომხრე ნაწილი 1918 წლისთვის უკვე მთლიანად იყო ცალკე გამოყოფილი ბოლშევიკების სახელწოდებით; კონსერვატორი „ეროვნულ-დემოკრატები"და მემარცხენე ლიბერალები უცნაური სახელწოდებით „სოციალისტ-ფედერალისტები".

მეორე მხრივ, 1991 წლიდან დღემდე არსებულ ძირითად პოლიტიკურ ძალებს არ ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიები. ამის ნაცვლად, აქცენტი კეთდება ლიდერების პირად ქარიზმაზე და მოსახლეობის დარწმუნებაზე იმაში, რომ სწორედ მოცემული ლიდერი მოახერხებს იმას, რომ ყველაფერი იყოს კარგად. რაც შეეხება პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ისინი ძირითად პოლიტიკურ ძალებს ან საერთოდ არ გააჩნიათ (მაგალითად, შევარდნაძეს), ან ერთდროულად აქვთ სხვადასხვა, მათ შორის ურთიერთსაპირისპირო იდეური ტენდენციები, რომლებიც ვერ შეადგენენ მკაფიოდ გამოხატულ იდეათა სისტემას.

შესაძლოა, ეს ვითარება იმით იყოს გამოწვეული, რომ საბჭოთა კავშირში, განსხვავებით გვიანდელი რუსეთის იმპერიისგან, პრაქტიკულად არ არსებობდა პოლიტიკურ იდეათა საჯარო დისკურსი. საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბუნებიდან გამომდინარე, საზოგადოების აქტიური წევრების ორგანიზება სხვადასხვა პოლიტიკური იდეების გარშემო შეუძლებელი იყო. ასევე შეუძლებელი გახლდათ ამ თემებზე ღია საჯარო დისკუსია.

რაც შეეხება პირველი დამოუკიდებლობის პერიოდის პოლიტიკურ ტრადიციებს, საქართველოში ისინი სრულიად მივიწყებული იყო. ამიტომ, 1991 წელს, მეორე რესპუბლიკის შექმნისას, ქართული პოლიტიკური ელიტა არ იყო მზად იდეებზე დამყარებული პოლიტიკისთვის, განსხვავებით 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტისგან. ეს ტენდენცია დღემდე არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, მუდმივად ვერ გაგრძელდება.

საქმე ის არ არის, კარგია თუ ცუდი გამოკვეთილ იდეათა სისტემებზე დაფუძნებული პარტიები. უბრალოდ, არსებობს ის ფაქტი, რომ დემოკრატიებში, როგორც წესი, სწორედ ასეთი სახის პარტიათა სისტემები ყალიბდება. შესაბამისად, თუ საქართველო დარჩება დემოკრატიული, უნდა ვივარაუდოთ, რომ თანდათან ძირითადი პოლიტიკური ძალები ამა თუ იმ მკაფიო იდეათა სისტემის ბაზაზე ჩამოყალიბდებიან.

ამ პროცესს შეიძლება სხვადასხვა კონკრეტული ფორმები ჰქონდეს. მაგალითად, შეიძლება „ქართული ოცნება" ჩამოყალიბდეს მკაფიოდ მემარცხენე-ცენტრისტულ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" მკაფიოდ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალად და შედეგად ორპარტიული პოლიტიკური სისტემა დამკვიდრდეს. თუმცა, თუ შევხედავთ სხვა ევროპულ პოსტკომუნისტურ დემოკრატიულ ქვეყნებს, თითქმის ყველგან ჩამოყალიბებულია მრავალპარტიული სისტემა. ამ ქვეყნების პარლამენტებში, ბოლო არჩევნების შედეგად, 5%-ზე მეტი ხმით შესულნი არიან: ესტონეთში – 4 პარტია, ლატვიაში – 5, ლიტვაში – 7, პოლონეთში – 5, ჩეხეთში – 5, სლოვაკეთში – 6, უნგრეთში – 4, რუმინეთში – 4, ბულგარეთში – 6, სლოვენიაში – 6, სერბეთში – 6, ჩერნოგორიაში – 4, მაკედონიაში – 4. ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა მხოლოდ ხორვატიაში და ალბანეთში დომინირებს.

ჩვენ მსგავსად, ეს სახელმწიფოებიც საპარლამენტო ან ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკები არიან. შესაძლოა, პოლიტიკური ძალების იდეოლოგიზაციის პროცესმა საქართველოშიც თანდათან გამოიწვიოს მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობის თითქმის ნახევარი ფორმირდება მაჟორიტარული არჩევნების წესით. დეპუტატების მაჟორიტარული წესით არჩევა ხელს უწყობს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის წარმატებას, რამაც, შეიძლება, პარლამენტში მრავალპარტიულობის შექმნა შეაფერხოს.

დღეს ძნელია იმის თქმა, რა კონკრეტული ფორმები ექნება საქართველოში პოლიტიკური ძალების იდეოლოგიზაციის პროცესს, მაგრამ ცხადია ის, რომ მას გარკვეული საფრთხეებიც ეახლება თან. საქართველოში არსებობენ როგორც ნეობოლშევიკური, ისევე რეაქციული რადიკალური ჯგუფები. დღეს მათი გავლენა საზოგადოებაზე მცირეა. ამავე დროს, საქართველოში არის მძიმე სოციო-ეკონომიკური ვითარება. არ არის გამორიცხული ამ ვითარების დამატებით გაუარესება ხელისუფლების შეცდომების ან გლობალური ეკონომიკური პროცესების შედეგად. ასეთ შემთხვევაში, რადიკალურ ჯგუფებს შესაძლოა მიეცეთ საზოგადოებაში მათი გავლენის გაზრდის შანსი. ეს საფრთხე განსაკუთრებით დიდია იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალების სისტემის საბოლოო დამკვიდრებამდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ასეთი სისტემა ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში იქნება.

საქართველოს პარტიული სისტემის ტრანსფორმაცია და პარტიების იდეათა სისტემებზე დაფუძნება ვერ მოხდება ძალიან სწრაფად, ეს შეიძლება წლებზე გაწელილი პროცესი იყოს. მაგრამ ამ პროცესის პირველი სიმპტომები უკვე ჩანს და ის საქართველოს შესთავაზებს როგორც ახალ პრობლემებს, ასევე ახალ პოზიტიურ შესაძლებლობებს.

კომენტარები