შსს

პიროვნება, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია

დიდუბის გამგეობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლაშა ჯოხაძემ, კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პიროვნება, რომელმაც პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლა, დაკავებულია.

"სავარაუდოდ, ეს პიროვნება არის ნუგზარ სუჯაშვილი, ის იარაღით ხელში გამგეობის წინ იჯდა. მას TT-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. საპატრულო ეკიპაჟმა ეს ფაქტი დააფიქსირა და როდესაც ვითარებაში გარკვევა დააპირა, ამ დროს აღნიშნულმა პიროვნებამ ორჯერ გასროლა მოახდინა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნა ჯოხაძემ. 

როგორც ცნობილია, დაკავებულმა თავის არეში დაზიანება მიიღო. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ინციდენტის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

შეგახსენებთ, დღეს დიდუბის გამგეობასთან, პოლიციელების მიმართულებით ორი გასროლა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები