ალბომები

ალბომები - Overgrown, Wolf, Delta Machine

James Blake – Overgrown

მას მერე, რაც ჯეიმს ბლეიკის სახელი, პირველ რიგში, Feist-ის Limit To Your Love-ის „ქავერ" ვერსიასთან ასოცირდებოდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. შემდეგ იყო მისი სადებიუტო James Blake (2011), რომლის ინოვაციურმა და მინიმალისტურმა ჟღერადობამ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში ახალი ტერმინი – „პოსტდაბსტეპი" შემოიტანა, თავად ბლეიკს კი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი არტისტის სახელი მოუტანა.

ჯეიმს ბლეიკის მეორე ალბომი Overgrown თითქოს მთლიანად ამართლებს მასზე დამყარებულ იმედებს. მისი ატმოსფერული მინიმალიზმი აქ ახალ განზომილებაშია აყვანილი, კომპოზიტორული უნარები კი თითქმის სრულადაა გამოვლენილი. 10 სიმღერისგან შემდგარი ალბომის მთავარი ღერძი – ბლეიკის ვოკალური მონაცემები და მისი ხმის ფართო დიაპაზონია, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ მინიმალური მუსიკალური აკომპანიმენტის – ხან ელექტრონული სემპლების, ხანაც სოლო პიანინოს ფონზეც დასრულებული და ატმოსფერული მელოდიები შექმნას.

„მელოდიური ბას მუსიკა" – ასე აღწერს ბლეიკი საკუთარ ჟღერადობას. Overgrown-ზე ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია Digital Lion, რომელიც ელექტრონული მუსიკის ვეტერანთან, ბრაიან ინოუსთან თანამშრომლობის შედეგია. აქ ბლეიკის მელანქოლიური ვოკალის, ინტენსიური ბას პასაჟების და ამბიენტური ფონის ცვალებადობის შედეგად სრულიად ახლებური, ექსპერიმენტული ჟღერადობა იქმნება. Vouyer ის იშვიათი მომენტია ალბომზე, როდესაც Overgrown-ის მელანქოლიური და მშვიდი განწყობა, ენერგიულ ტექნოს უთმობს ადგილს. Wu Tang Clan-ის RZA კი, ბლეიკის მისამღერებს შორის ისევ ძველებურად რეპავს სიმღერაზე – Take a Fall For Me.

თუ სადებიუტო James Blake იყო ალბომი, რომლის შედეგადაც მუსიკალურ წრეებში ინტერესი და მოლოდინი გაჩნდა ბლეიკის პერსონის მიმართ, Overgrown ის ალბომია, რომელმაც შემდგარი კომპოზიტორის და ინოვატორი არტისტის სახელი უნდა მოუტანოს 24 წლის მუსიკოსს.

Tyler the Creator – Wolf

ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, Odd Future-ის სულისჩამდგმელის და მთავარი რეპერის, ტაილერ ოკონმას, იგივე Tyler The Creator-ის მესამე ალბომი WOLF ერთგვარი გაანალიზებაა იმ წარმატების და პოპულარობის, რომელიც 18 წლის ასაკში, სადებიუტო ალბომ Bastard (2009)-ის შემდეგ დაატყდა თავს თინეიჯერ რეპერს. შემდეგ იყო Goblin (2011), ცოცხალი ხოჭოს დაგემოვნება (Yonkers-ის ვიდეოკლიპში), ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველთა მხრიდან მიზოგინიასა და ჰომოფობიაში დადანაშაულება და ამ ყველაფრის მიუხედავად, ფანების საგრძნობი მატებაც.

წინა ალბომების მსგავსად, Wolf-ის პროდიუსერი, ვიდეოკლიპების (Domo21; Ifhy) რეჟისორი, არანჟირების და სიმღერების ავტორიც თავად ტაილერია. ნიჭიერი, მაგრამ უფროსების მიერ თავგასულ მეამბოხედ შერაცხული რეპერი, ერთი შეხედვით, ბოლომდე აკმაყოფილებს ჰიპ-ჰოპის ყველა კლასიკურ მოთხოვნას: ამბოხს უცხადებს მუსიკალურ „ისტებლიშმენტს"; უნახავ მამას (Answer) და მასთან ერთად, ზოგადად, მამების თაობასაც; რეპავს საკუთარ ოთხსართულიან ფეშენებელურ სახლზე (Jamba), BMW მარკის ავტომობილებზე (Bimmer) და შეყვარებულზე (Awkward, Ifhy). თანაც ისე, რომ სიტყვები fuck you და faggot თითქოს გულის მოსაოხებლად, თავისდაუნებურად ეპარება ყოველი მეორე სიტყვის ბოლოს.

ტაილერის მუსიკის ღირსება და წარმატების მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, კლასიკური ჰიპ-ჰოპის ჩარჩოების მსხვრევას და ინოვაციების შემოტანასაც საკმაოდ მოხერხებულად ახერხებს. Wolf-ზე მას ისეთი შემდგარი არტისტები ეხმარებიან, როგორებიც არიან ერიკა ბადუ, ფარელ უილიამსი და Stereolab-ის ვოკალისტი, ლეტიცია სადიე.

Depeche Mode – Delta Machine

Depeche Mode-ის მე-13 ალბომი Delta Machine ჯგუფის 30-წლიანი მოღვაწეობის კარგად დამუშავებული გამეორებაა. ის დრო, როდესაც 90-იანებში სინთ-პოპის პიონერებმა სინთეზატორს ბლუზური გიტარა დაურთეს, გოსპელის ელემენტები გაურიეს და ახალი ჟღერადობის ძიებით მსოფლიო აალაპარაკეს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თუმცა Depeche Mode 80-იანების სინთ-პოპის ხანაში ჩამოყალიბებული ერთადერთი ჯგუფია, რომელიც 21-ე საუკუნეშიც არ ღალატობს აღებულ გეზს და თან აქტუალობასაც არ კარგავს.
ვეტერანი ჯგუფის მე-13 ალბომისთვის, ვოკალისტმა დევინ გაანმა კოლექტივის ერთგულ პროდიუსერთან, ბილ ჰიკსთან ერთად, ალბომის თანაპროდიუსერობაც იკისრა; მთავარ აქცენტად ისევ ბლუზურ მოტივებს მიენდო და სათაურიც შესაფერისი აარჩია: Delta – დელტა ბლუზის, Machine კი ჯგუფის ელექტრონული ჟღერადობის აღსანიშნავად. Delta Machine მოულოდნელობებით ვერ განაცვიფრებს მსმენელს, თუმცა წლების მანძილზე დამუშავებული ჟღერადობა, რომელმაც ჯგუფს მსოფლიო წარმატება მოუტანა, ალბომის ყოველ სიმღერას ექოსავით დაჰყვება თან.

მართალია, წინა ალბომებთან შედარებით, Delta Machine შესაძლოა არ გამოირჩეოდეს პოტენციური ჰიტების სიმრავლით, თუმცა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა – ინდუსტრიულ რიტმ-სექციაზე აგებული Should Be Higher, ენერგიული Soothe my Soul, რომელიც ადგილებში Personal Jesus-ის სტრუქტურას მოგაგონებთ და შედარებით მშვიდი, ბლუზ-გიტარაზე აწყობილი Slow, წარმატებით იმეორებს Depeche Mode-ის მუსიკის საუკეთესო მომენტებს.

ჯამში, 2009 წლის Sounds of Universe-ის შედარებითი წარუმატებლობის ფონზე, Delta Machine-ზე მუსიკოსები ფორმას იბრუნებენ და, როგორც ჩანს, 30-წლიანი კარიერის დასრულებაზეც არ აპირებენ ფიქრს.

კომენტარები