ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, სოფლის მეურნეობის სფეროში კორუფციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არა მხოლოდ ამ სფეროში, მთლიანად მთავრობაში, სერიოზული კორუფციაა.
"ალბათ ყველამ იცოდა და მთავრობაც იძულებული გახდა გარკვეული ზომები მიეღო, სოფლის მეურნეობის პროგრამაში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ სოფლის მეურნეობის ბარათების განაღდება ხდება 30%-იანი ე.წ. დისქაუნთით. გარდა ამისა, მასალების ფასი, რომლებსაც ვაუჩერების მეშვეობით გლეხები სპეციალურ მაღაზიებში იძენენ, იქ 30-40%-ით მაღალია, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში. ეს ნიშნავს, რომ 260-მილიონიანი პროექტიდან სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მერაბიშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს გარდა, მსგავსი ტენდენციებია სხვა პროექტებშიც. "ვთქვათ, გორში, როდესაც სტიქიით დაზარალებული ადამიანების სახლების გადახურვაზე არის 10%-იანი (ბოდიში და, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გასაგებ ტერმინს ვიხმარ) ვაზვრატების საკითხი", - აცხადებს მერაბიშვილი. მისი თქმით, იგივე ხდება დაზარალებულთა კომპენსაციის გაცემისასაც და საქმე გვაქვს დეკლარირებულ კორუფციასთან.
"მე მინდა დღევანდელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არ დაუშვას საქართველოში კორუფციის შემობრუნება. საქართველო შევარდნაძის ეპოქაში იყო ჩამორჩენილი, არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები, არ კეთდებოდა არაფერი და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია. ხელისუფლებამ ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაუტოვა და თვით პრემიერმინისტრმა აღიარა, მე მოვუწოდებ, რომ არ ჩამოიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში, როცა აღარ იქნება პენსიები, აღარ იქნება ხელფასები, აღარ იქნება დენი, აღარაფერი არ გაკეთდება და ქვეყანას აღარ ექნება არანაირი პერსპექტივა", - განაცხადა მერაბიშვილმა.





