ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინა. სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით დაკავებულია 10 პირი.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საქმე ეხება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სააგენტომ, ფონდიდან მიღებული დაფინანსებით, გლეხებს დაურიგა სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლითაც მათ ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო საქონელის შეძენა პროექტში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში შეეძლოთ.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ, რეალურზე ნაკლებ ფასად იბარებდნენ ვაუჩერებს და აყალბებდნენ მონაცემებს. შემდეგ, ვაუჩერებს ბანკში წარადგენდნენ და მასში დაფიქსირებულ სრულ თანხას იღებდნენ. ამ გზით მათ, კანონსაწინააღმდეგოდ, მიითვისეს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საქმეს სწავლობს, ვისაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ევალებოდა.





