საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ინვესტიციები სტუმრების მაღალ დონეზე მიღების დამსახურებაა

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის სპეციულური სამსახურის ხარჯებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში მთავრობას მსგავსი ხარჯები აქვს და სწორედ ამის დამსახურებაა საქართველოში განხორციელებული მილიონობით დოლარის ინვესტიციები. სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება ახალქალაქში გააკეთა.

"მითხრან ერთი ქვეყანა მაინც, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში არ დადის პრეზიდენტი ვიზიტებზე, არ დაჰყავს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ოჯახის წევრებიც, მათ შორის, არ იწვევს სტუმრებს, არ ჩამოჰყავს ჟურნალისტები, არ ჩამოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, არ ჩამოჰყავთ სტუმრები უცხოეთიდან თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით. ყველაფერი ეს რომ არ გვეკეთებინა, აბა ციდან ჩამოვარდა ის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ ვაკეთეთ, ასობით მილიონი დოლარი, მილიარდობით ჩაიდო, მთელი მსოფლიოა საქართველოში, ჩვენი სიარულით, ვახშმებისა და სადილების მოწყობით! საქართველოში რომ სტუმარი ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღო?!" - განაცხადა სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფუფუნების საგნებზე ბიუჯეტიდან დიდი თანხა იხარჯებოდა. 

პრეზიდენტმა ახალქალაქში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში, მეუფე ნიკოლოზს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

კომენტარები