ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 140-მდე დაშავებული კი ქალაქის სხვადასხვა ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. 17 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რამდენიმე მათგანს კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს. BBC-ის ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს დაღუპულთა და დაშავებულთა ვინაობასა და ზუსტ რაოდენობას.
გამოძიების ფედერალური ბიურო ბოსტონის აფეთქებებს ტერაქტის ხაზით იძიებს, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
AP-იმ, იორდანიაში მოქმედი რადიკალი ისლამისტური დაჯგუფების ლიდერის მუჰამედ ალ-ჩალაბის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს მიესალმა.
"ამერიკული სისხლი არ არის იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მუსლიმური. ამერიკელებმა უნდა იგრძნონ ტკივილი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, როდესაც მათი ჯარები ერაყის და ავღანეთის ოკუპაციას ახდენდნენ და ჩვენს ხალხს კლავდნენ", - განაცხადა მუჰამედ ალ-ჩალაბიმ, რომელმაც 7-წლიანი პატიმრობა მოიხადა ალ-ყაიდას დაჯგუფებასთან თანამშრომლობისა და იორდანიაში 2003 წელს აშშ-სა და დასავლეთ ევროპის სხვა საელჩოებზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით.
შეერთებული შტატების მოსახლეობას საგანგებო განცხადებით პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, ვინ იდგა აფეთქებების უკან.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ხალხმა ნაადრევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს, ვიდრე ფაქტებს არ ვიცნობთ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტის თქმით, სპეცსამსახურები საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ.





