საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტი გრძელდება. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილვის თემები იყო NATO-ში ინტეგრაცია, ეკონომიკური თანამშრომლობა და რაბათის ციხის ხელახალი რეკონსტრუქცია.
სააკაშვილის თქმით, რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა არასოდეს ყოფილა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობისგან შემოვიდა წერილი გუმბათის რეკონსტრუქციასა და შიგნით სხვა ცვლილებების თაობაზე. ამას ხელი არ მოვაწერე და პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი. დეტალურად დავათვალიერებინე წიგნი, რომელშიც ნაჩვენებია ულამაზესი რაბათი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არანაირი მსგავსი, მით უმეტეს, კატეგორიული მოთხოვნა თუქეთის მხრიდან არასდროს ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ ეს გუმბათი უნდა დარჩეს ოქროსფერი. ყველა სხვა საკითხი დელიკატურად უნდა განვიხილოთ სპეციალისტებთან ერთად ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ შეილახოს. არ უნდა ვიჩქაროთ ამ საკითხებზე. ამას გარდა, შევთანხმდით, რომ თუკი თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენ მხოლოდ აზომვით შემოვიფარგლებოდით და პატარ-პატარა სამუშაოებს ვასრულებდით, ახლა სრული მასშტაბით დაუშვებენ ქართველ სპეციალისტებს.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს პრეზიდენტი ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართვა. სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გზა NATO-სკენ თურქეთთან მეგობრობასა და ძმობაზე გადის.
"დღეს, ისე, როგორც არასდროს, თქვენ ხართ ხიდი ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. თქვენ, როგორც არასდროს, საქართველოსთვის ხართ ფანჯარა ევროპაში. გზა NATO-სკენ გადის ასევე თურქეთთან მეგობრობასა და ძმობაზე, თქვენს ერთობაზე. თქვენ ხართ არა უბრალოდ თურქეთის მოქალაქეები, თქვენ ხართ თურქეთის ძალიან წარმატებული მოქალაქეები",- განაცხადა სააკაშვილმა თავის მიმართვაში.




