ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრის კახა კალაძის თქმით, ის ადასტურებს რომ ენერგეტიკის სისტემაში შემავალ სამეთვალყურეო საბჭოში დანიშნული ორი პირი - ზაზა ადეიშვილი და ავთანდილ თევზაძე მისი ახლობლები არიან. კალაძემ ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ავთანდილ თევზაძე, რომელიც ”საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოში დაინიშნა მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ხოლო ზაზა ადეიშვილი რომელიც ”ენგურჰესის” სამეთვალყურეო საბჭოში იქნა დანიშნული ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტია. მინისტრის თქმით ის ამ კუთხით ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
”არსებობს რაიმე კითხვები და პრობლემები ადეიშვილთან და თევზაძესთან დაკავშირებით?! ნახევარი საქართველო ჩემი ახლობელია და ვიღაც სახელმწიფო სამსახურში დაინიშნება… ამ ლოგიკით, ვისაც ვიცნობ, არავის აქვს უფლება იყოს სახელმწიფო სამსახურში. ავთო თევზაძე ჩემი შტაბის უფროსი იყო, ხოლო ზაზა ადეიშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი. ორივე ადამიანი ძალიან განათლებულია. შემიძლია მოგაწოდოთ მათი CV-ები და ნახოთ როგორი "ბაგაჟის" პატრონები არიან. თქვენ ძალიან ხშირად ამახვილებთ ყურადღებას, თითქოს ადამიანების დანიშვა ახლობლობით ხდება. მაშინ შევიმუშავოთ კანონი და თუ ადამიანი სახელმწიფო სამსახურშია, მის ახლობელს და ნათესავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნის უფლება არ მიეცეს”, - აღნიშნა კალაძემ .
ამის პასუხად უმცირესობის დეპუტატმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მოქმედებს "კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონები, რომელიც სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ადამიანების თანამდებობზე დანიშვნა ახლობლობის და ნათესაობის ნიშნით არ უნდა მოხდეს.





