სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახა გველესიანი თანამდებობიდან 3 დღის წინ გადააყენეს, ახალი დირექტორი კი პაატა სვანიძე იქნება. თალაკვაძე აცხადებს, რომ გველესიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 აპრილს, სასჯელაღსრულების მინისტრმა სახალხო დამცველის რეკომენდაციას ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებათა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით, არაპროფესიონალურად შედგენილი უწოდა. სახალხო დამცველის აპარატი უკვე გამოეხმაურა სუბარის ბრალდებებს და მინისტრს რეკომენდაციების წაკითხვისკენ მოუწოდა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის კომენტარს ციხეებში ტუბერკულოზით ავადობის კლებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან, რადგან კლება ამნისტიამ გამოიწვია და არა - პატიმართა მკურნალობამ.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სისტემაში მომხდარი კიდევ ერთი გადაადგილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია - ქსნის დაწესებულებას ორთაჭალის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი უხელმძღვანელებს.




