პრემიერმინისტრი

ივანიშვილი ოფშორში რეგისტრირებული საიდუმლო კომპანიების მფლობელთა შორის მოხვდა

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებში რეგისტრირებული საიდუმლო კომპანიების მფლობელთა შორის საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დასახელდა, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი აქვეყნებს. 
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციამ მედიაში დღეს, 4 აპრილს, გაჟონა. სიაში ივანიშვილის გარდა პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის მნიშვნელოვანი პირებიც მოხვდნენ.  
ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები აცხადებენ, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საიდუმლო კომპანიები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ. ანტიკორუფციული კამპანიის წარმომადგენლები კი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ ქემერონს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. 
 Guardian-ის სტატიაში ასევე მითითებულია ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანია Bosherston Overseas Corp. გამოცემა იუწყება, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა, 2006-2009 წლებში აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო. თავად კომპანია Bosherston Overseas Corp კი პანამიდან იმართებოდა აგენტის მეშვეობით. Guardian-ი წერს, რომ კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დღესაც მოქმედია.
სტატიაში მოყვანილია ივანიშვილის პრესმდივნის კომენტარიც: "2011-12 წლებისთვის პრემიერმინისტრ ივანიშვილს კომპანიაში წილი აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, არ ჰქონდა ვალდებულება,  ამის შესახებ ფინანსურ დეკლარაციაში განეცხადებინა".
ტაბულა ცდილობს პრემიერის პრესსამსახურთან დაკავშირებას, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

კომენტარები