დემოგრაფია

საქსტატი: მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლიობა 9.5, ხოლო ქალების 5.9 წლით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა 2012 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და - 57 031 შეადგინა, მათ შორის ბიჭი -29 801, ხოლო გოგო - 27 230.

"მიუხედავად ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირებისა, აღსანიშნავია, რომ შობადობის მაჩვენებელი 2004-2007 წლების პერიოდთან შედარებით მაინც მაღალ დონეზერჩება." - აცხადებს საქსტატი. 

2012 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა და 49 348 ადამიანი შეადგინა, უმნიშვნელო ცვლილება განიცადა გარდაცვლილთა რიცხოვნობის სქესობრივ-ასაკობრივმა განაწილებამ. წინა წელთან შედარებით, მცირეოდენი შემცირებაა მამაკაცების 15-24, 45-49 და ქალების 20-34 ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო კლება ორივე სქესისათვის დაფიქსირდა 60-84.

წლისათვის გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მამაკაცისთვის - 72.8, ხოლო ქალისთვის - 77.7 წელია, როდესაც იგივე მაჩვენებელი 2000 წელს მამაკაცისთვის 63.3 წელს, ხოლო ქალისთვის - 71.8 წელს შეადგენდა. 2012 წელს 1 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 12.5.

რაც შეეხება ქორწინებას, საქსტატი აღნიშნავს, რომ 2012 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტით შემცირდა და 30 412 ერთეული შეადგინა. ამასთან, განქორწინებათა რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 7136 ერთეული შეადგინა.

იხილეთ ასევე

კომენტარები