ვლადიმირ პუტინი

პუტინის დაცვას BRICS-ის შეხვედრაზე არ უშვებდნენ

სამხრეთ აფრიკაში, ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის BRICS-ის სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტის დაცვასა და ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივმა დაცვამ პუტინი შენობაში შეუშვა, თუმცა ნაკლებად გაუმართლა მის დელეგაციას, მათ შორის, დაცვის წევრებს: ისინი პრეზიდენტს ჩამოაცილეს და შენობის დატოვება მოსთხოვეს.

გავრცელებული ცნობებით, უსაფრთხოების სამსახურს პუტინის დაცვის წევრების ჩემოდნების რენტგენით შემოწმება სურდა, რაც მათ იუკადრისეს. თავდაპირველად, რუსებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ აფრიკელი დაცვა გარეთ გასვლისკენ საკმაოდ უხეშად მოუწოდებდა. რუსული მედია იტყობინება, რომ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტის თანაშემწეს საერთაშორისო საკითხებში სერგეი უშაკოვსაც.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გარეთ მდგომმა ჟურნალისტმა გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ შედის რუსეთის პრეზიდენტი შენობაში, მის დაცვის წევრებს კი მალევე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სამხრეთაფრიკელი დაცვის წევრები აჩერებენ.

მოგვიანებით, დაცვის და დელეგაციის წევრებმა შენობაში შესვლა მოახერხეს, თუმცა, ამის გაკეთება ავტოპარკის მხრიდან, უკანა შესასვლელით მოუწიათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინციდენტი მასპინძლებს დააბრალა და განაცხადა, რომ სამიტი არც ისე კარგად ორგანიზებული იყო.

 

 

 

 

 

კომენტარები