საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმს ეწვია და შტორმის შედეგად დაზიანებული ახალი ბულვარი დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი, ბათუმის მერთან ერთად, სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს გაესაუბრა, მან ასევე მოინახულა წერეთლის ქუჩაზე ძლიერი ქარის მიერ დაზარალებული მოსახლეობა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ბათუმს შველა სჭირდება", რათა დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდეს და დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.
''ჩვენ მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, პირადად ველაპარაკე აზიის ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები საბოლოოდ დასრულებულიყო ბათუმში. მერე ვიღაცეებმა თქვეს ძალიან გაუგებრად, რომ თითქოს ეს დაკავშირებული იყო ოქროს ქვიშის პროექტთან. ოქროს ქვიშა ეს ისეთი რაღაცაა, ოქროს ქვიშას ან დაყრი, ან არ დაყრი, იმის მიხედვით, მერე როგორ ხასიათზე იქნები. ოქროს ქვიშა, პრაქტიკულად, არაფერი არ ჯდება. პროექტი იყო სანაპიროს შემოფარგვლა, რომ სანაპირო წყლისაგან დაცული იყოს, მერე შიგნით გინდ ქვიშა დაყარე და გინდ სხვა. ვინაიდან ქვიშა ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა, აი, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა, ეს სააკაშვილის მორიგი ახირებაა? მოდი ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. ჯერჯერობით, ეს პროექტი არის ჩაკარგული. იმედი მაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა იმიტომ, რომ ეს პროექტი არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოქროს ქვიშა. ეს პროექტი არის, რომ წყალმა არ წაიღოს ბათუმი. ყველამ ვიცით, რომ ეს პროექტი შეჩერდა, რომ ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს ჯინაზე. დაივიწყეთ ჩემი არსებობა, ამ შტორმმა გაგვახსენოს ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვისგან წაღების საფრთხე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სტიქიის შედეგად, აჭარის სანაპიროებს 5 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.





