განათლება

განათლების კომიტეტმა უმცირესობის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, 21 მარტს, კომიტეტმა მის მიერ წარდგენილი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაფართოებას - რეგენტთა საბჭოს უფლებამოსილებების უნივერსიტეტებისთვის გადაცემას, მათთვის ქონების გადასახადის გაუქმებას და კომპიუტერული პროგრამებისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვების გამარტივებას.

„ქართული ოცნების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს უნივერსიტეტებისათვის ავტონომიის გაფართოების კანონპროექტს. ამ სიტუაციის კომიკურობა და ამასთან უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთ დაპირებას უმაღლესებისთვის მეტი აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. უმრავლესობის ლოგიკა ასეთია - ჩვენ შევქმნით ჭეშმარიტად დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს, მაგრამ მხარს არ დავუჭერთ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ავტონომიას“, - წერს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარისთვის ტაბულა განათლების კომიტეტის წევრს ნუკრი ქანთარიას დაუკავშირდა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რადგან სხვა, უფრო მოცულობითი კანონპროექტია მზადების პროცესში, თუმცა ვადებს არ აკონკრეტებს.

„არ დავუჭირეთ, რადგან ახლა უფრო სრულფასოვანი პაკეტი შემოვა, სადაც იქნება უკვე მთლიანად. ესე ნაკუწ-ნაკუწ რაღაცეების შეცვლა მიზანშეწონილად ამ ეტაპზე არ ჩავთვალეთ. თუმცა, შეიძლება მოხდეს რაღაცეების გათვალისწინება იმ პაკეტში, რაც სერგოს ჰქონდა და აქვს. არ ჩავთვალეთ ამ ეტაპზე საჭიროდ მხოლოდ რეგენტთა საბჭოს გაუქმება, გარკვეული წვრილმანებით წინწასვლა, იმიტომ, რომ ამას სჭირდება სრულფასოვანი პაკეტი“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ის, მაგალითად, რეგენტთა საბჭოს გაუქმებას, რაც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაშიც იყო გაწერილი, ნუკრი ქანთარია დადებითად პასუხობს.

სერგო რატიანის თქმით, მიუხედავად განათლების კომიტეტის უარყოფითი დასკვნისა, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

 

 

 

 

კომენტარები